რა განათლება და ქონება აქვს გუგული მაღრაძეს, რომელიც ბოლო პერიოდში საზოგადოების ყურადღების ცენტრშია | Allnews.Ge

რა განათლება და ქონება აქვს გუგული მაღრაძეს, რომელიც ბოლო პერიოდში საზოგადოების ყურადღების ცენტრშია

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი, გუგული მაღრაძე პარლამენტში ინიცირებული "თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში" ცვლილებებისა და ჭარბწონიანობის რეგულირებასთან დაკავშირებით გამოთქმული ინიციატივის შემდეგ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.

საინტერესოა, როგორი სამუშაო გამოცდილება, განათლება და კაპიტალი აქვს მას?

გუგული მაღრაძე 1945 წლის 9 აპრილს დაიბადა. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის, ინგლისური ენისა და ლიტერატურისა და სამართალმცოდნეობის მიმართულებები.

გუგული მაღრაძეს უმაღლესი აკადემიური ხარისხიც აქვს მიღებული, ის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია. ის როგორც მე-9, ისე მე-8 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნების“ პარტიული სიით, ხოლო მე-6 მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბლოკით „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები".

სხვადასხვა დროს გუგული მაღრაძე როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ისე თავდაცვისა და უშიშროების, გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების, ევროპასთან ინტეგრაციისა და სხვა კომიტეტების წევრი ან თავმჯდომარის მოადგილე იყო.

2012-2016 წლებში გუგული მაღრაძე საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი იყო. იგი ამავე კომისიის წევრი 2006-2007 წლებშიც იყო.

გუგული მაღრაძე ასევე სხვადასხვა საპარლამენტო ჯგუფის წევრი პოზიციას იკავებდა. მათ შორის, 2017 წელს ის ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი იყო. ასევე საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობისა და კუბის რესპუბლიკის პარლამეტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო.

2012-2016 წლებში გუგული მაღრაძე ევრონესტის (აღმოსავლეთ პარტნიორობის) საპარლამენტო ასამბლეა, სათადარიგო შემადგენლობა - საპარლამენტო დელეგაციის წევრი იყო. ამავე წლებში ის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სათადარიგო დელეგაცია - საპარლამენტო დელეგაციის წევრი იყო. 2016 წელს გუგული მაღრაძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ძირითად შემადგენლობაში საპარლამენტო დელეგაციის წევრი იყო.

ჭარბწონიანობაზე შესაძლოა კონკრეტული რეგულაციები არ გატარდეს, თუმცა აღნიშნული საკითხი პრობლემატურია - გუგული მაღრაძე

რაც შეეხება გუგული მაღრაძის ქონებას, 2017 წლის დეკემბერში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ის ქობულეთში 2011 წელს 5 000 დოლარად შეძენილ ავტოფარეხს, 1997 წელს სოფელ ლისტში ნაჩუქარ 640 კვ.მ მიწის ნაკვეთს, 2011 წელს ქობულეთში 35 000 დოლარად შეძენილ ბინას, ასევე 2002 წელს ზესტაფონში 2 000 ლარად შეძენილ ბინასა და 1966 წელს თბილისში 4 000 რუბლად შეძენილ ბინას ფლობს.

2016 წელს გუგული მაღრაძემ 7 500 დოლარად 2012 წლის Volkswagen Passat-იც შეიძინა.

რაც შეეხება პარლამენტის წევრის ანგარიშებს, ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას მის ანგარიშებზე შემდეგი რაოდენობით თანხა

ფიქსირდებოდა: ანაბარი "თიბისი ბანკში" – 7 501 ლარი; "ლიბერთი ბანკის" მიმდინარე ანგარიში - 82,08 ლარი; "თიბისი ბანკის" სახელფასო ანგარიში - 2611,83 ლარი; ამავე ბანკის მიმდინარე ანგარიში - 1469,5 ევრო; ასევე "თიბისი ბანკის" მიმდინარე ანგარიში 736,84 დოლარი და 790,32 ლარი. გუგული მაღრაძეს ანგარიშები "ქართუ ბანკშიც" აქვს. კერძოდ, სახელფასო ანგარიში - 9 401,25 ლარი და 9,21 ევრო.

გუგული მაღრაძემ 2016 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის პოზიციაზე ხელფასის სახით სულ 17 418,5 ლარი მიიღო, საქართველოს პარლამენტის წევრის პოზიციაზე კი 56 102,95 ლარი.