როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას | Allnews.Ge

როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას

დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების" დელეგატები ერთხმად აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს პარტიის ახალ თავმჯდომარედ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ამჟამინდელმა ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის პარტიის სათავეში დაბრუნება პოზიტიურად აისახება ქვეყანაზე.

"უახლოეს დღეებში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რის შემდეგაც გაიმართება ყრილობა. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც პოლიტსაბჭო, ისე საქართველოდან წარმოდგენილი დელეგატები, ერთხმად აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს ახალ თავმჯდომარედ და შესაბამისად არჩეული იქნება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ეს იქნება ახალი იმპულსი ჩვენი გუნდისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად ძალუძს გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი, შესძინოს მეტი და ახალი დინამიკა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებვლო ხელისუფლებას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მან გუნდის და პირადად მისი სახელით სთხოვა ყოფილ პრემიერს, "ქართულ ოცნებაში" დაბრუნებულიყო.

"ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ უმძიმეს დროს ჩამოაყალიბა პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაში. ყველასთვის ნათელია, თუ რამდენად დიდია ჩვენი გუნდისთვის მისი დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი.", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას ჩვენს პარტიაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მან დაადასტურა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდა ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკაში ბრუნდება.

"ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერის ინიციატივით, მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ის ბრუნდება პოლიტიკაში. შესაბამისი ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ ის დაიკავებს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, რომ საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი პარტია და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება. ამას სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა, რესურსი და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას სათავეში ჩაუდგება ბიძინა ივანიშვილი.",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არავითარ გავლენას არ მოახდენს სხვა საკადრო საკითხებზე და გადაწყევტილებებზე.

"ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის - პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და ა.შ. საუბარია იმაზე, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება პარტიას და ის პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვება, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ამ თანამდებობისთვის დამახასიათებელი ფუნქციების შესაბამისად",- დასძინა კობახიძემ.

ნამდვილად მიმაჩნდა და აქამდეც ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკურ სივრცეში გვაძლევს იმ დამატებით რესურსს, რაც მას გააჩნია, როგორც პოლიტიკოსს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გედევან ფოფხაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს.

"ეს გადაწყვეტილება არის სწორი. მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. მგონია, რომ ეს ის ნაბიჯია, რომელიც გააერთიანებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და მისცემს საშუალებას, რომ იმ გამოწვევებს, რაც არის ჩვენ წინაშე, ღირსეულად გავცეთ პასუხი.", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

"შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებას პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკური კრახი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის მეორე მცდელობა, პოლიტიკურ გუნდს ქვეყნის სამართავად თავი მოუყაროს. მისი თქმით, ახლა მთელი კითხვა იმაშია, შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი მის მიერვე დაშვებული შეცდომების გააზრებას და ჯანსაღი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას.

"ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა, რომ დაბრუნდებოდა პოლიტიკაში იმ შემთხვევაში თუ მეორედ მოსვლის ვითარება შეიქმნებოდა ანუ თუ ძალიან კრიზისული პროცესები განვითარდება ქვეყანაში და როგორც ჩანს, მან ჯანსაღად შეაფასა არსებული ვითარება - აქვს ამის ალღო, დაიანახა, რომ "ქართულმა ოცნებამ" კრიზისში შეიყვანა ქვეყანაც და საკუთარი თავიც და გადაწყვიტა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ამ ნაწილში კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, თუ რაოდენ მძიმე ვითარებასთან გვქონდა საქმე.", - განაცხადა უსუფაშვილმა.

რადგან ბიძინა ივანიშვილი დარწმუნდა, რომ პროცესებში უნდა ჩაერთოს, ესე იგი, ჟივილ-ხივილი ტყუილად არ გაგვიმართავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა ის ყოფილი პრემიერის ივანიშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის რანგში, ნუკრი ქანთარიამ კითხვითვე უპასუხა - "ეს გამოცხადდა უკვე?!".

"ძალიან კარგია ეს ამბავი, რადგან ბიძინა ივანიშვილი არის უპირობო ლიდერი არა მარტო "ქართული ოცნების", არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის და თუ ამის ნაკლებობა იყო, ესე იგი კარგია, რაც მოხდა. რადგან ის დარწმუნდა, რომ პროცესებში უნდა ჩაერთოს, ესე იგი ჟივილი-ხივილი ფუჭად არ გაგვიმართავს", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი "ქართულ ოცნებას" გააერთიანებს და ამავე დროს განსაკუთრებულ ცვლილებებს ელოდება.

"მე მგონი, ცვლილებები იქნება. დღეს ბიურო იყო შეკრებილი, რომელმაც შეიძლება ყველაფერზე ისაუბროს აბსოლუტურად, მაგრამ გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტსაბჭო. პარტიულ გადაწყვეტილებას დღევანდელ სხდომაზე ვერ მიიღებდნენ, მაგრამ რადგან ეს ინფორმაცია ითქვა, მე მივესალმები", - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პარტია "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმა და პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

myquiz