გახდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი? | Allnews.Ge

გახდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი?

ექსპერტი გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ეტაპზე არც პრემიერის და არც პრეზიდენტის თანამდებობას არ დაიკავებს. როგორც ხუხაშვილმა განაცხადა, პარტიის თავმჯდომარეობა პარტიაში წესრიგის აღსადგენად სრულიად საკმარისია.

"მე არ ვფიქრობ, რომ ის იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი. მთავარი იყო მას მოეხდინა რეინტეგრაცია პოლიტიკაში. ამ ვითარებაში, მისი პარტიის თავმჯდომარეობა საკმარისია და მისი პრეზიდენტობა ახალ კონსტიტუციურ მოდელში სრულიად არ არის აუცილებელი. მთავარია, რომ მან რეინტეგრაცია პოლიტიკაში მოახდინა და დისციპლინა აღდგება. მე არ მგონია, რომ ამ ეტაპზე მისი პრემიერობის საკითხი დადგეს დღის წესრიგში. არ მგონია, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ ის თვლის, პარტიის თავმჯდომარეობა წესრიგის აღსადგენად სავსებით საკმარისია", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, გამომდინარე იქედან, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური ელიტა ჯერ კიდევ მოსწავლეები არიან და სწავლის ეტაპზეა, მასწავლებლის დაბრუნება იყო ობიექტური აუცილებლობა.

"ასე რომ, სამწუხაროდ, ძნელად აღსაზრდელი ბავშვები ვერ განვითარდნენ, ვერ შეიძინეს ის განათლება რაც შემდეგ პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოადგებოდათ. მისი გადაწყვეტილება არ იყო მარტივი, შესაძლოა კიდევ უფრო რთული ვიდრე 2011 წელს, თუმცა კარგია, რომ ეს ნაბიჯი გადადგა. გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანაში მეტი ძალის ცენტრი არ არსებობს, მისი დისტანცირება პროცესებისგან, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სახელმწიფოებრივი რისკების შემცველი იქნებოდა. ასე რომ, მადლობის მეტი რა გვეთქმის", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა გამოვიდეს ჩრდილიდან იმ თვალსაზრისით, რომ პარტიაში არეულობის დალაგების იურიდიული უფლება ჰქონდეს, - ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, როდესაც ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

"მე მგონია, რომ გარკვეული ბიძგი ამ გადაწყვეტილებას მისცა იმ შიდა არეულობამ და სავარაუდოა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოისურვა და გადაწყვიტა გამოვიდეს ჩრდილიდან იმ თვალსაზრისით, რომ პარტიაში არეულობის დალაგების იურიდიული უფლება ჰქონდეს. ჩინოვნიკურ საქმეებს აღმასრულებელ ხელუსუფლებაში მაინც არ უყურებს კარგი თვალით და ეტყობა არ აპირებს ხელისუფლების რომელიმე შტოში წასვლას. მე ვფიქრობ, მას თავისი რაღაცა გარკვეული მოდელი ჩამოყალიბებული აქვს. რაც შეეხება კვირიკაშვილის განცხადებას, რომ მან სთხოვა ივანიშვილს დაბრუნება, როგორც წესი მსგავსი ტიპის ნაბიჯებს არ დგამენ ხოლმე თხოვნის საფუძველზე. მას რომ არ ჰქონოდა მომწიფებული ეს პოზიცია, მეეჭვება, რომ ვინმეს თხოვნისთვის გაეწია ანგარიში", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატები ყავს და არ საჭიროებს, რომ ამ მოტივით ბიძინა ივანიშვილი დაბრუნებულიყო პოლიტიკაში.

"მე უფრო მგონია, რომ იმ პროცესებმა, რაც საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარეობს, ამოატივტივა იმის აუცილებლობა, რომ ივანიშვილის სიტყვა მარტო არაფორმალური ჩაჩურჩულება კი არ იყოს ამა თუ იმ მხარის მხრიდან, არამედ მას ჰქონდეს ლეგიტიმური უფლება პოლიტიკური კლიმატის რეგულირებისა პარტიის შიგნით", - განაცხადა საყვარელიძემ.

myquiz