საუდის არაბეთის სამეფო თბილისში საელჩოს გახსნის | Allnews.Ge

საუდის არაბეთის სამეფო თბილისში საელჩოს გახსნის

საუდის არაბეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას მიერ საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართულ დასკვნით შეხვედრაზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება თბილისში საუდის არაბეთის სამეფოს საელჩოს გახსნის თაობაზე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

"საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების სურვილიდან გამომდინარე, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2018 წლის მაისში აპირებს სამეფოს საელჩოს გახსნას საქართველოში, დედაქალაქ თბილისში,"- აღნიშნულია საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ნოტაში.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველო და საუდის არაბეთი აქტიურად თანამშრომლობენ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური დიალოგის ფორმატში, ასევე მჭიდროა პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა.

"საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საუდის არაბეთის სამეფოსთან თანამშრომლობის გააქტიურებას. ამ მიზნით, 2015 წლის იანვარში, საუდის არაბეთში, ქ. რიადში გაიხსნა საქართველოს საელჩო, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკურ, სამხედრო, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში," - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საუდის არაბეთი იყო პირველი არაბული ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა გაერო-ში საქართველოს IDP რეზოლუციას.

"სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებით აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთიდან პირდაპირი ინვესტიციების ოდენობამ საქართველოში გადააჭარბა 100 მილიონ აშშ დოლარს. ასევე პოზიტიურია დინამიკა ტურიზმის მიმართულებითაც. მხოლოდ 2017 წელს საქართველოს ეწვია 60 ათასამდე საუდის არაბეთის მოქალაქე, რასაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართულ ბაზარზე საუდის არაბეთის ეროვნული გადამზიდავი ავიაკომპანია Flynas-შემოსვლა," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავიაკომპანია Flynas მიმდინარე წლის ივნისიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას დაიწყებს საუდის არაბეთის უმსხვილესი ქალაქებიდან: რიადიდან, ჯედადან და დამამიდან.

myquiz