გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი დღეს უნდა გახდეს | Allnews.Ge

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი დღეს უნდა გახდეს

ჩვენ ბრიუსელის სამიტიდან მოველით, რომ მოხდება ნატო-საქართველოს წარმატებული პარტნიორობის აღიარება და დაფიქსირება, რომელიც საქართველომ და ნატო-მ ამ 16 წლის განმავლობაში განვლეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მარგველაშვილის განცხადებით, "ჩვენ ველით ამის აღიარებას და ადეკვატური ნაბიჯების გადადგმას".

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი დღეს უნდა გახდეს.

"ჩვენი ამბიცია არის ნათლად დაფიქსირებული. ჩვენ გვაქვს ყველა მექანიზმი და მეტიც, საქართველო ყველა მექანიზმში, ყველა მოთხოვნაში, რაც არსებობს ევროატლანტიკური ალიანსის მიერ, ყველგან ვართ საუკეთესო ასპირანტთა შორის. ანუ, კითხვის ნიშნები საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს. საქართველოზე როდესაც არის ლაპარაკი, ჩვენს რეფორმებზე, ჩვენს მონაწილეობაზე როდესაც არის საუბარი ყველაზე რთულ წერტილებში, კითხვის ნიშნები არ არსებობს. ამავე დროს, ნატო არის კოლექტიური უსაფრთხოების არა მხოლოდ ორგანიზაცია, არამედ, კოლექტიური გადაწყვეტილებების მიმღები სტრუქტურა და ეს ალიანსი, რომლისკენაც ჩვენ ძალიან სწორად მივისწრაფვით და რომლის გარდა საქართველოს უსაფრთხოების სხვა არჩევანი არ გააჩნია, გვიფიქსირებს ჩვენს შემდგომ პროცედურულ დინამიკას. ჩვენ ალიანსის წევრები აუცილებლად MAP-ის გავლით უნდა გავხდეთ. რა არის ჩვენი სურვილი და ამბიცია? - ეს არის წევრობა. მაგრამ MAP-ი არის ის აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ბრიუსელის სამიტზე საქართველოს მიერ MAP-ის მოთხოვა ქვეყნის პარტნიორებთან მუშავდება.

"რა ნაბიჯები გვაქვს გადასადგემლი, ამაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ. მე მიმაჩნია, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს დღეს. რა ნაბიჯებია გადასადგმელი არა ქართული, არამედ ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან, ამაზე მიდის მუშაობა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

myquiz