გერმანიაში საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესახებ განცხადებებს აკეთებენ | Allnews.Ge

გერმანიაში საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესახებ განცხადებებს აკეთებენ

თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ. ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა, სადაც საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

"ახლახანს მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა, მე როგორც შს მინიტრმა დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. საბოლოოდ, ჩვენ კონსენსუსს მივაღწიეთ, მათ შორის, შეჩერების მექანიზმზეც. თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ. ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია შენარჩუნდება, ჩვენ ჯერ არ ვაპირებთ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას, თუმცა ვიზის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა შემაშფოთებელია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს კრიმინალის ზრდაა. ამ პრობლემის მოგვარებაში საქართველო აქტიურად არის ჩართული. ჩვენც ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთეთ", - განაცხადა გერმანიის შს მინიტრმა.

ტომაზ დე მაიზერის განცხადების თარგმანს ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

გერმანია მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობას, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობას, რაც კარგი საშუალებაა კავშირების კიდევ უფრო გამყარებისთვის, - ამის შესახებ ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კლაუდია როტმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შეხვედრის დროს განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს გერმანიის ბუნდესტაგში და გერმანია დაინტერესებულია ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებით.

"თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა გერმანიასთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას, რომელსაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო წლით აღინიშნა. ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს გერმანიის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის. ხაზი გაესვა წარმატებულ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას და გამოითქვა მზადყოფნა გერმანიის ბუნდესტაგში არჩევნების შემდგომ საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში ცალკეული ღონისძიებების გამართვის თაობაზე", -ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, მაღალი შეფასება მიეცა ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას, რაც უნიკალური შესაძლებლობაა ქართული კულტურის წარმოჩენისთვის არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მრავალმილიონიან საერთაშორისო აუდიტორიაში.

myquiz