როგორ ეხმაურებიან სააკაშვილის დაკავებას საქართველოს მთავრობა, ოპოზიცია და პოლიტოლოგები | Allnews.Ge

როგორ ეხმაურებიან სააკაშვილის დაკავებას საქართველოს მთავრობა, ოპოზიცია და პოლიტოლოგები

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავებას, საქართველოშიც დიდი რეზონანსი როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ისე სამოქალაქო საზოგადოებაში მოჰყვა.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი განმარტავს, რომ უკრაინაში სერიოზული დაპირისპირებაა უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და უკრაინის პროკურატურას შორის, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფერში უცნაურად მოყვა.

გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ უკრაინაში პროკურატურამ და ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ამერიკული პოლიტიკის წინააღმდეგ გაილაშქრა, მათ შორის შეტევა განახორციელა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ, რომელიც ამერიკულ პროექტად განიხილება უკრაინაში. გია ხუხაშვილის შეფასებით, სწორედ ამ კონტექსტში მოხდა მიხეილ სააკაშვილის დაკავებაც.

როგორ დააკავეს სააკაშვილი - სახურავზე გადაღებული კადრები

"ამჟამად საკითხი ბუნდოვანია. მე მეჩვენება რომ უკრაინაში საკმაოდ რთული პროცესი დაიწყო. სრულ სურათს თუ შევხედავთ დავინახავთ, რომ გუშინ ანტიკორუფციული ბიუროს და უკრაინის პროკურატურას შორის სერიოზული დაპირისპირება დაიწყო. ანტიკორუფციული ბიუროს ჩანერგილი ჰყავდა სხვადასხვა უწყებებში აგენტურა და ამჟამად დაიწყო კორუფციული შემთხვევების გამოვლენა.

ამას მოყვა ის, რომ გუშინვე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება, რომ ისინი იმედგაცრუებულები არიან კორუფციასთან ბრძოლის კუთხით უკრაინაში.

პროკურატურამ და ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ყველაფერ ამერიკულზე დაიწყეს შეტევა და ამ კონტექსტში მოხდა სააკაშვილის აყვანა. ახლა ისინი ფიქრობენ, რომ უკან დასახევი არ აქვთ. ამ ნაბიჯებით უპირისპირდებიან ამერიკას და მიშაც უცნაურად მოყვა ამ ყველაფერში.

მე მეჩვენება რომ ამ ფაქტებს ერთმანეთთან კავშირი აქვს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მანვე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ორი მიმართულება - პოლიტიკური და სამართლებრივი ფაქტორებია გასათვალისწინებელი.
"დღეს დიაგნოზი, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და ამით ყველაფერი დამთავრდა - მთლად ასე არ არის საქმე. რაც შეეხება ვარიანტს რომ თუ მოხდა მისი ექსტრადირება ორი ასპექტი აქვს -სამართლებრივი და პოლიტიკური.

სამართლებრივად ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ მოხდეს სააკაშვილის ქვეყანაში ექსტრადირება და მან აგოს პასუხი ჩადენილი ქმედებებისთვის. მართალია მას არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა მას აქვს დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი. მეორე შემთხვევაში პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველო ციხეში იქნება თუ ციხის გარეთ ხელისუფლების თავის ტკივილია. მე არ ვთვლი რომ სააკაშვილს შე უძლია დღევანდელ საქართველოში სერიოზული კრიზისის გამოწვევა, მაგრამ როგორც დესტაბილიზაციის ფაქტორი, რა თქმა უნდა, ის იქნება. პოლიტიკურად ქვეყანას მისი ექსტრადირება არ სჭირდება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკოსების შეფასებებს, სააკაშვილის დაკავების შესახებ განცხადებები როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპოზიციაში გაკეთდა.

მნიშვნელოვანი არ არის საქართველოს ხელისუფლებას რა აწყობს ან არ აწყობს, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც პოლიტიკაზე მაღლა სამართალი დგას, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დასმულ შეკითხვას.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილი დღეს საქართველოში აქტუალური აღარ არის და მისი საკითხის გადაწყვეტა სამართლებრივ ჭრილში, შესაბამისი უწყებების მიერ მოხდება.

"ჩვენ დღემდეც გავაკეთეთ კომენტარი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და მაშინაც ვთქვით, რომ მადლობა ღმერთს, ის აღარ არის აქტუალური ჩვენს ქვეყანაში. დანარჩენი არის სამართლებრივი პროცედურები და სამართლის ნორმების საქმე. ყველაფერს შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ და ამ პროცესში ჩართულები იქნებიან ქართული შესაბამისი უწყებები. მთავარია, სამართლებრივად მოქმედება. პოლიტიკური კუთხით კი, სააკაშვილი აღარ არის აქტუალური საქართველოში. მნიშვნელოვანი არ არის, საქართველოს ხელისუფლებას რა აწყობს, ან რა არ აწყობს. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სამართალი დგას პოლიტიკაზე მაღლა და ამ ჭრილში უნდა გადაწყდეს საკითხი", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

რა ინფორმაციებსაც ვისმენ, მრცხვენია, რომ ეს კაცი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, - ასე უპასუხა პარლამენტის უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით.

"ის მიმართავს ყველანაირ ავანტურას რათა კვლავ დარჩეს აქტუალური. საქართველოში ეს აღარ მოხდება. მართალია, ჩვენ ცოტა დიდი ხანი მოვუნდით ამას, მაგრამ მაინც. რაც შეეხება სამართლებრივ მოთხოვნას, მოთხოვნა ჩვენი პროკურატურისგან არის და საბოლოო ჯამში, შედეგი იქნება დამოკიდებული უკრაინულ მხრეზე, - განაცხდა მდინარაძემ.

მისივე განცხდებით, სააკაშვილმა როდესაც ის იყო საქართველოს ჩაიდინა დანაშაულები,რაზეც შესაბამისი განაჩენებია დამდგარი. ეს არის საფუძველი იმის, რომ მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი რამდენჯერმე დადგა.

განსხვავებული შეფასებები აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს.

თავი ამ ყველაფრის არის ის პოლიტიკური დევნა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წამოიწყო 2013 წლიდან და დღემდე გრძელდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა, კიევში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.

"ძალიან მძიმე საყურებელია ის, რაც დღეს კიევის ქუჩებში ხდება. პოლიტიკურ ოპონენტებს ხელისუფლებები ასე არ უნდე ექცეოდნენ. არასწორია და განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ეს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში - უკრაინაში ხდება. ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები ქვეყანაში, ამიტომ, პრობლემა საქართველოდან არის დაწყებული და საქართველოში უნდა მოგვარდეს. დასრულდეს პოლიტიკური დევნა, პოლიტპატიმრების ეპოქა და ქვეყანამ უნდა გადაშალოს ახალი ფურცელი. რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ კიევში, პასუხისმგებლობა ბუნებრივია, პოლიტიკურ დევნაზე სწორედ ივანიშვილის რეჟიმზეა"- განაცხადა გიგი უგულავამ.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას კრემლში ეხმაურებიან

მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ბრძანება გაცემულია მოსკოვში, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნინო კალანდაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი, პეტრე პოროშენკო, მათი ე.წ. პროკურორები და მოსამართლეები კი რიგითი შემსრულებლები არიან.

"ყველასთვის, ვისაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორია ახსოვს, ცხადზე უცხადესია, რომ იმას, რაც ახლა კიევში ხდება, არაფერი აქვს საერთო სამართალთან, პოლიტოპონენტების დევნასთან ან პოროშენკო-ივანიშვილის ხუშტურებთან.

ეს არის ისტორიული ბრძოლა რეგიონზე რუსული გავლენების აღდგენისთვის, სააკაშვილი კი მხოლოდ პერსონიფიცირებაა რუსული ოლიგარქიული, კლანური, კორუფციული მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლის, რომლის გარეშეც რუსული გავლენა ფეხს ვერ იკიდებს. სააკაშვილის დაპატიმრების ბრძანება გაცემულია მოსკოვში. ივანიშვილი, პოროშენკო, მათი ე.წ. პროკურორები და მოსამართლეები კი რიგითი შემსრულებლები არიან. ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ყველა, ვინც დღეს პირდაპირ თუ ირიბად მათ სამსახურში ჩადგება და თვალს აარიდებს ამ რეალობას არის ქართული სახელმწიფოებრიობის და ჩვენი შვილების მტერი და აუცილებლად მოეთხოვება პასუხი, ყველაზე გვიან საკუთარი შვილებისაგან", - წერს ნინო კალანდაძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

myquiz