"ნაცმოძრაობა" საშუალო და დაბალი შემოსავლების ოჯახებისთვის ვაუჩერების დარიგებას ითხოვს | Allnews.Ge

"ნაცმოძრაობა" საშუალო და დაბალი შემოსავლების ოჯახებისთვის ვაუჩერების დარიგებას ითხოვს

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის 100 მილიონ ლარზე მეტით გაზრდას ითხოვს.

ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ დღეს საკრებულოში პრესკონფერენცია გამართა, სადაც თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში შესატან ინიციატივებზე ისაუბრა.

ირაკლი ნადირაძის თქმით, საკრებულომ დღეს თბილისის მერიას უკან უნდა დაუბრუნოს 2018 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტი ცვლილებებით. ნადირაძე აცხადებს, რომ თბილისის არსებული ბიუჯეტის 100 მილიონი ლარით გაზრდაა საჭირო, იმისათვის, რომ მათი ხუთი ძირითადი მოთხოვნა დაფინანსდეს. თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის მოცულობა ამ მომენტისთვის 826 მილიონი ლარია, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა კი 815 მილიონ ლარს შეადგენს.

ნადირაძის განცხადებით, მათი მოთხოვნაა 150-ლარიანი კომუნალური ვაუჩერით ისარგებლონ საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებმა და თბილისში ასეთი დაახლოებით 275 000-ია; წამლების 200-ლარიანი ვაუჩერი გათვალისწინებული იყოს პენსიონერებისთვის. ეს ინიციატივა დაახლოებით 203 000 პენსიონერს შეეხება. ფრაქციის მოთხოვნაა ასევე სამჯერ გაიზარდოს უფასო სასადილოების დაფინანსება, მძიმე სოციალური ფონის გამო სტუდენტებს საქალაქო ტრანსპორტში ჰქონდეს უფასო მგზავრობა. ნადირაძის თქმით, ამ მიზნით ბიუჯეტიდან 17 მილიონი ლარი იქნება საჭირო. მისივე ინფორმაციით, ასევე ინფრასტრუქტურისა და ეკოლოგიის პროექტებზე ხარჯები უნდა გაიზარდოს 50 მილიონი ლარით.

ნადირაძის თქმით, მათი ხუთი მოთხოვნის დასაფინანსებლად ჯამში ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იყოს 182 მილიონი ლარი. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროექტების დასაფინანსებლად მერიას შეუძლია თანხები მოიპოვოს შტატების ოპტიმიზაციით, გამჭვირვალე ტენდერების ჩატარებით. აგრეთვე იგი საჭიროდ მიიჩნევს მერიაში გაუქმდეს უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც 4,5 მილიონი ლარის ბიუჯეტი აქვს და ეს ფუნქცია დაცვის პოლიციამ განახორციელოს, ასევე უნდა გაუქმდეს ააიპ "მუნიციპალური ლაბორატორია".

ირაკლი ნადირაძის თქმით, თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის მოცულობის გაზრდა ასევე შესაძლებელია თუ დედაქალაქის მთავრობა ცენტრალური ბიუჯეტიდან მოითხოვს გათანაბრებული და კაპიტალური ტრანსფერების მოცულობის გაზრდას.

"ნაცმოძრაობა" საშუალო და დაბალი შემოსავლების ოჯახებისთვის ვაუჩერების დარიგებას ითხოვს

myquiz