"ტერორიზმის საფრთხის ქვეშ ყოველთვის ვიყავით" - როგორ აფასებენ სპეციალისტები გუშინდელ სპეცოპერაციას? | Allnews.Ge

"ტერორიზმის საფრთხის ქვეშ ყოველთვის ვიყავით" - როგორ აფასებენ სპეციალისტები გუშინდელ სპეცოპერაციას?

სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც გუშინ გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარეობდა, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი დააკავეს, ხოლო სამის ლიკვიდაცია განხორციელდა.

როგორც სპეცოპერაციის მიმდინარეობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ, საზოგადოების ნაწილის მხრიდან ძალოვანი უწყებების მიმართ კრიტიკა ისმოდა. მთავარი შეკითხვები სპეცოპერაციის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით იყო. Allnews.ge შეეცადა ჩატარებული სპეცოპერაცია სპეციალისტების დახმარებით გაეანალიზებინა.

ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ როცა სპეცოპერაცია მჭიდროდ დასახლებულ კვარტალში მიმდინარეობს, სამართალდამცავებმა, თავდაპირველად მოქალაქეების უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნონ, შემდეგ კი შეირაღებული ჯგუფის გაუვნებელყოფა მოახდინონ, რაც, ანალიტიკოსის თქმით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს გამოუვიდათ.

"ვინც საქმეში დეტალურად ჩაიხედა, ამაზე ყველა საუბრობს, რომ საქმე გვქონდა მომზადებულ შეიარაღებულ ჯგუფთან, საკმაოდ პროფესიონალურად გაწვრთნილ პირებთან. რა თქმა უნდა, მყისიერი შტურმი შესაძლებელი იყო, ასეთ შემთხვევაში ოპერაცია საღამოს ან ღამით უნდა ჩატარებულიყო, რასაც მე ვერანაირად ვერ გავამართლებდი. იმის პროგნოზირება, მყისიერი შტურმი როგორ დასრულდებოდა, შეუძლებელია, რადგან როგორც წესი, ასეთი შტურმისას დიდია საბრძოლო დანაკარგები და ასე რომ მომხდარიყო და გამორციხული არ არის ამავე დროს, რომ მოსახლეობის მხრიდანაც ყოფილიყო მსხვერპლი, მაშინ სპეცსამსახურების მიმართ გაცილებით მეტი კრიტიკა იქნებოდა. იმ შემთხვევაში, თუ სპეცრაზმი ჯერ ევაკუაციას მოახდენდა, სწრაფი ოპერაციის ეფექტი დაიკარგებოდა, მაშინ ღამით ოპერაციის ჩატარებას რა აზრი ექნებოდა. ჩვენ დეტალები არ ვიცით, აქ როგორ იქნა გადაწყვეტილება მიღებული",- აღნიშნავს ამირან სალუქვაძე.

რაც შეეხება სპეცრაზმის მომზადების საკითხს, ამირან სალუქვაძის შეფასებით, ამაზე საუბარი შეუძლებელია, როდესაც საქმის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

"ჩრდილოეთ კავკასიაში, მათ შორის დასახლებულ პუნქტებში საათობით და ხანდახან 1-2 დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება სპეცოპერაციები, რომლებსაც საკმაოდ გამოცდილი ჯგუფები ახორციელებენ. ჩვენს შემთხვევაშიც ისეთი ჯგუფის გაუვნებელყოფა, რომელიც დიდი ალბათობით მსგავს სპეცოპერაციას ელოდება, მარტივი არ არის. ზოგიერთს ჰგონია, რომ ამის გაკეთება ფანჯარაში გადაძვრომით შეიძლება, ალბათ ასეთ შემთხვევებზე ბევრი ფილმი გვაქვს ნანახი, თუმცა ასე მარტივად არ ხდება. ჩვენ არ ვიცით, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს თუ რის საფუძველზე, რა ანალიზზე დაყრდნობით იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული სპეცოპერაციის დაწყებაზე და შემდეგ როგორ განხორციელდა ის. ჩვენ ვიცით მხოლოდ კადრებიდან და ამ კადრებზე დაყრდნობით სრული ანალიზის გაკეთება არ შეიძლება", - დასძენს ანალიტიკოსი.

მისივე შეფასებით, ქართველი სპეცრაზმელების მომზადება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეცდანიშნულების რაზმების მომზადებას არაფრით ჩამოუვარდება.
გარდა ამისა, სპეცრაზმელთა საქმიანობა მხოლოდ იმით არ ფასდება, როდესაც რაიმე მოხდება, მაშინ როგორ მოქმედებენ ისინი, - "ტერორიზმის საფრთხის ქვეშ ყოველთვის ვიყავით, თუ არაფერი არ ხდებოდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საფრთხეები არ არსებობს. როცა არაფერი ხდება, ესეც სპეცსამსახურების დამსახურებაა. რეალურად, თუ ჩვენ არ ვიყავით სამიზნე, არანაირი საფრთხე არ იყო და ამ წლების განმავლობაში სპეცსამსახურები არ მუშაობდნენ, ამაზე მოქალაქეებმა იმსჯელონ. რეალური გამოძიება როცა დასრულდება, მერე დავსხდეთ და ვისაუბროთ, თუ მოგვეცემა ამის ტრიბუნა, მაგრამ როგორც წესი, შემდეგ ამ თემებზე სიღრმისეულად საუბრის საშუალება აღარ გვაქვს, რადგან გვავიწყდება ხოლმე".

ამირან სალუქვაძე ხელისუფლების მიერ საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრიისთ ხარვეზებს ხედავს, - "ინფორმირების კუთხით როგორც მოსახლეობის, ასევე მედიის თვალსაზრისით, ყველაფერი გამართული არ იყო. ჩვენს ქვეყანაში მსგავსი შემთხვევა, რომ დასახლებულ ადგილზე ასეთი შეტაკება მომხდარიყო, რა თქმა უნდა, ყოფილა, მაგრამ ასეთი მასშტაბური შეირაღებულ ჯგუფსა და სპეცრაზმს შორის არა, ამიტომ რა თქმა უნდა, ხარვეზები იქნებოდა. თუ ასეთი რამ კიდევ განმეორდა, მეტი ორგანიზებულობა საჭირო, მეტი მითითებაა გასაცემი მედიისთვის, თუ რა გადაიღონ, რა გააშუქონ, აქ საუბარი არ არის ცენზურაზე", - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილ მინისტრს, ვახტანგ ქუთათელაძეს. მისი თქმით, გარედან შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ სპეცოპერაციის ჩატარების დროს არაკოორდინირებული მუშაობა იყო ოპერაციის ჩამტარებლებსა და საზოგადოებას შორის.

"მე არ მაქვს ის ინფორმაცია, რაც ოპერაციის ჩამტარებლებს ჰქონდათ. კერძოდ, არ ვიცი რამდენად იმუშავა ოპერატიულმა სამსახურებმა. რაც შეეხება ხანგრძლივობას, ამას განსაზღვრავს ის ოპერატიული სიტუაცია, რაც არის ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში. მე არ ვიცი რა ოპერატიული სიტუაცია იყო, შესაძლოა იქ იყო საშიშროება მძევლების აყვანის და ა.შ. გარედან შეხედვით მე შემიძლია ვთქვა, რომ იყო არაკოორდინირებული მუშაობა ოპერაციის ჩამტარებლებსა და საზოგადოებას შორის. საზოგადოებაში ვგულისხმობ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. რაღაცნაირად მიშვებული იყო ყველაფერი, თითქოს კონტრტერორისტული ოპერაცია კი არ ტარდებოდა, არამედ სანახაობას ვუყურებდით მთელი დღის განმავლობაში ეთერში.

ამ კუთხით არ იყო კოორდინაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ არის ორგანო, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს. ჩვენ ყველა პრობლემას ვწყვეტთ იმის შემდეგ, როცა ის წარმოიშობა. ეს ასე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ყველაფერს უნდა დაგეგმვა, წინასწარ მუშაობა და ყველა ორგანომ, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებამ უნდა იცოდეს რა დოზით, როგორ და რანაირად მიაწოდოს ინფორმაცია. არ იყო შექმნილი შტაბი, ყოველ შემთხვევაში ეს არ ჩანდა. არ იყო შტაბის წარმომადგენელი, რომელიც თუნდაც ცოტა ინფორმაციას მისცემდა საზოგადოებას. ეს არის ის, რაც ერთი შეხედვით ჩანს. რაც შეეხება ოპერაციის ხანგრძლივობას, მათ შეეძლოთ ოპერაცია გაგრძელებულიყო ორი დღით. ჩვენ არ ვიცით რა ხდებოდა კულისებს მიღმა. ამ შემთხვევაში საზოგადოებამ არც უნდა იცოდეს რა ხდებოდა კულისებს მიღმა, მაგრამ ოპერაციის ჩამტარებელი ვალდებულია საზოგადოება ჩააყენოს იმ დონის საქმის კურსში, რაც აუცილებელია, რომ არ დაიწყოს პანიკა და ხალხს არ გაუჩნდეს დაუცველობის განცდა", - განაცხადა ქუთათელაძემ.

სპეცოპერაცია გუშინ 20 საათზე მეტხანს გაგრძელდა. დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების წინააღმდეგ ოპერაციის მიმდინარეობას თითქმის ყველა ტელევიზია პირდაპირ ეთერში უწყვეტ რეჟიმში გადასცემდა.

myquiz