შოტლანდიაში ქართული მხარის მოთხოვნით აფხაზების მემორიალი აიღეს | Allnews.Ge

შოტლანდიაში ქართული მხარის მოთხოვნით აფხაზების მემორიალი აიღეს

შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში საქართველოს ხელისუფლების თხოვნით აფხაზური მემორიალი აიღეს. მემორიალი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ დროშის გამოსახულებით ქალაქის ერთ-ერთ სკვერში 90-იან წლებში შეიარაღებული დაპირისპირებისას დაღუპულთა პატივსაცემად დაიდგა. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, მემორიალს თავის ადგილზე გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ დააბრუნებენ.

მემორიალი ჰოვარდ-პარკში 20 წლის განმავლობაში იდგა, მაგრამ მიმდინარე წლის შემოდგომზე ის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა შენიშნა და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში აღნიშნა, რომ მემორიალი, რომელიც სეპარატისტული რეჟიმის დროშითა და წარწერითაა გაფორმებული, გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ აღიარებს.

"საგრაფოს საბჭომ კონსულტაციები გაიარა შოტლანდიისა და გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებასთან და ახლა მემორიალის წარწერის სხვადასხვა ვერსიებს არჩევს, რომელიც გაცილებით მეტად შესაფერისი იქნება ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკასთან და რაც მთავარია კონფლიქტში ორივე მხრიდან დაღუპულთა ხსოვნას პატივს ერთნაირად მიაგებს"- განუცხდაეს "ბიბისის" აღმოსავლეთ ეირშირის საბჭოში.

გარდა ამისა, ოფიციალური პირები იუწყებიან რომ როგორც კი მემორიალის გაფორმება შეიცვლება ის დაუყოვნებლივ დაბრუნდება საკუთარ ადგილას.

მემორიალის ახლანდელ წარწერაზე ვკითხულობთ: "მეგობარი ქალაქის სოხუმის მაცხოვრებლების ხსოვნას, რომლებიც 1992-93 წლების აფხაზეთი- საქართველოს კონფლიქტში დაიღუპნენ".

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა პერიოდში და პოსტსაბჭოთა პერიოდის პირველ წლებში სოხუმი ქალაქ კილმარნოკის მეგობარ ქალაქად ითვლებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, მემორიალი1996 წელს დამონტაჟდა, თუმცა იმის გარკვევა თუ კონკრეტულად როდის და ვისი ინიციატივით დამონტაჟდა იგი, მათ ვერ შეძლეს.

შოტლანდიის ხელისუფლებამ მემორიალი ჯერ კიდევ 27 ოქტომბერს აიღო თუმცა, მედიის ყურადღების ცენტრში უკანასკნელ პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის პროტესტის შემდეგ მოხვდა.

აღნიშნული ქმედება მათ ქართული მხარის მიერ ჩადენილ ვანდალიზმად შეაფასეს, რაც ისტორიული მეხსიერების წაშლისკენ არის მიმართული.

myquiz