სამთავრობო ცვლილებებს ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ | Allnews.Ge

სამთავრობო ცვლილებებს ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ

რამდენიმე კვირის წინ სამთავრობო გუნდი კბილებით იცავდა ბიუჯეტს, სადაც ჩვენ ხარჯების შემცირებას ვითხოვდით - ახლა მათ უნდა შემოგვთავაზონ რამდენით ამცირებენ ბიუჯეტს და რაც მთავარია, ეს შემცირება რას მოხმარდება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი განცხადებით, უნდა მოხდეს გადასახადების დაწევა, რათა ტვირთი შეუმსუბუქდეს თითოეულ მოქალაქეს და ბიზნესს.

გიგა ბოკერიას განმარტებით, არანაირი დადებითი ეფექტი არ ექნება სამინისტროების მექანიკურ გაერთიანებას თუ არ მოხდება ხარჯების მასიურად შემცირება.

"მინდა შეგახსენოთ, რომ ის ფული, რომელსაც მთავრობა იღებს ეკონომიკიდან და ხარჯავს საკუთარ ბიუროკრატიაზე, პარტიულ ახლობლებზე და ნათესავებზე, მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ია. მთავრობა მილიარდზე მეტს იღებეს ეკონომიკიდან, რომელიც ნელა იზრდება, სიღარიბე იმატებს, ამიტომ ამ ცვლილებებში მხოლოდ ხარჯების შემცირებას ექნება მნიშვნელობა.

ჩვენი მყარი პოზიციაა, მოხდეს გადასახადების დაწევა, რომ შეუმსუბუქდეს ტვირთი თითოეულ მოქალაქეს და ყველა ბიზნესს, რათა ეკონომიკამ რეალურად დაძრას ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საქმე. მეორე არის პენსიის და სოციალური დახმარების ზრდა ყველაზე უფრო გაჭირვებული ჯგუფებისთვის, სადაც უმძიმესი ვითარებაა. ამ ხალხისთვის არ გაუმჯობესებულა ვითარება მთელი ამ წლების განმავლობაში.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თითქმის 10%-ით გაზარდეს ბიუროკრატია და სსიპ-ებში, რომლებიც სოკოებივით გამრავლდა, კიდე უფრო მეტად გაზარდეს საკუთარი ახლობლების და პარტიული აქტივის დასაქმება. ცვლილებები ამ ბიუროკრატიულ ხარჯებს უნდა შეეხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება მორიგი პოპულისტური ნაბიჯი. ჩვენ სულ რამდენიმე კვირაში უნდა ვნახოთ საბიუჯეტო ხარჯებთან დაკავშირებით სამთავრობო გუნდის შეცვლილი პოზიცია. ეს არის მოლოდინი, ჩვენი მოთხოვნა და რაც სჭირდება ქვეყანას", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დაწინაურდნენ და თანამდებობა შეინარჩუნეს იმ პირებმა, რომლებიც ახლო ურთიერთობით გამოირჩევიან ბიძინა ივანიშვილთან, - ასე შეაფასა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები.

გიგი უგულავას შეფასებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები არ არის საკმარისი. უგულავას განმარტებით, შესაძლებელი იყო იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაერთიანებაც. მისივე თქმით, ცვლილებები ტოვებს განცდას, რომ მოხდა შიდა ძალთა გადანაწილება და ეს სახელისუფლებო კონიუნქტურა უფროა, ვიდრე რეალური ცვლილებები.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, გიგი უგულავას შეფასებით, ეს ცვლილებები ვერ პასუხობს მინიმალურ სტანდარტსაც კი.

დავიწყოთ გიორგი გახარიათი - გახარია, რომელიც არც პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენს და ამავდროულად მას პოლიციასთან არანაირი შეხება არ გააჩნია, ინიშნება შსს მინისტრად. მას არც გამოცდილება აქვს და არც პოლიტიკური წონა იმისთვის, რომ შსს მინისტრად დაინიშნოს. მაგრამ ის არის ივანიშვილის ახლო თანამშრომელი.

მამუკა ბახტაძე, რომელიც ფინანსთა მინისტრად ინიშნება, ბოლო სამი წლის განმავლობაში რკინიგზას ხელმძღვანელობს, რომლის ტვირთბრუნვა საგრძნობლად შემცირდა. ამავდროულად, რკინიგზამ მთავრობასთან ერთად ჩააგდო ის ტესტი, რომელიც შემოვლით რკინიგზის პროექტს გულისხმობს. ესეც შესაბამისად შიდა კლანურ გადაადგილებას უკავშირდება", - განაცხადა გიგი უგულავამ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის შეფასებით კი სამთავრობო და სტრუქტურულ ცვლილებებს პოზიტიური და ნეგატიური მხარე აქვს. კაპანაძის აზრით, სრული შეფასებისთვის საჭიროა გაირკვეს, რამდენად რეალურია ცვლილებები და რამდენად მიმართულია ის ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე. თუმცა, როგორც კაპანაძე ფეისბუქპოსტში აღნიშნავს, მას ეეჭვება, რომ ცვლილებებით რაიმე დადებითი მოხდეს.

"სრული შეფასებისთვის უნდა გავიგოთ რაში დაიხარჯება ის თანხები, რაც გამოთავისუფლდება სამინისტროების შემცირებით. თუ ეს თანხები დაიხარჯა ისევ ბიუროკრატიულ აპარატზე და სამინისტროები კი არ გაუქმდა, არამედ მექანიკურად შეერწყა, მაშინ აზრი არ აქვს ასეთ გაუქმებას. თუ თანხები გამოთავისუფლდა, მაშინ ის მიმართული უნდა იყოს ერთი მხრივ, სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად და მეორე მხრივ, გადასახადების შემცირებით მიღებული დანაკლისის შესავსებად და ეკონომიკის სტიმულირებისთვის. ამას სულ მალე ვნახავთ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ არც ერთი მოხდება და არც მეორე", - წერს კაპანაძე.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, პოზიტიურია გარკვეული უწყებების გაუქმება, რომელიც აქამდეც გასაუქმებელი იყო.

"პოზიტიური: სპორტის და ახალგაზრდობის, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ნამდვილად გასაუქმებელი იყო; ჯეჯელავა მინისტრი აღარ იქნება; აღარც უაღრესად სუსტი მღებრიშვილი.

ნეგატიური: ბატონი ბახტაძე, უნდა გვახსოვდეს, რომ ხელმძღვანელობდა ბოლო წლების ყველაზე წარუმატებელ უწყებას - რკინიგზას. მისი ხელძღვანელობის პერიოდში, 2013-2016 წლებში, წინა სამ წელთან შედარებით რკინიგზის მოგება სამჯერაა შემცირებული და 87 მლნ დოლარზეა ჩამოსული. გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობისას, 2015 წელს რკინიგზამ ზარალი ნახა, რაც უპრეცედენტოა ბოლო წლებში. შესაბამისად, მისი ფინანსთა მინისტრობა რატომ იქნება წარმატებული, ჩემთვის გაუგებარია; სუს-ი ისევ გაძლიერდა, ამჯერად საგარეო დაზვერვის შერწყმის შედეგად. არადა, ეს უწყებაა, პირველ რიგში, გასაუქმებელი/შესამცირებელი;

ევროპული და ევროატლანტიკური საკითხების სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქცია ევროკავშირისთვის საჭირო შიდა რეფორმების კოორდინაცია იყო. ერთია, ამას თავს რამდენად ართმევდა ეს სამინისტრო და მინისტრი, მაგრამ მეორეა, საგარეო საქმეთა სამინისტრო რამდენად არის ის უწყება, რომელიც ასეთ ფუნქციას წარმატებით აიღებს თავის თავზე. შიდა რეფორმებს და საგარეო პოლიტიკას შორის ძალიან დიდი სხვაობაა; ბატონი გახარია, ჩემი აზრით, ერთ-ერთი წარუმატებელი მინისტრი იყო. ახლა მისი შსს-ში გადაყვანა რატომ იქნება მენეჯმენტის კუთხით გარღვევა, სრულიად გაუგებარია", - აღნიშნავს კაპანაძე.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერისთვის ასევე გაუგებარია რატომ ინარჩუნებს პოსტს იუსტიციის მინისტრი.

"თეა წულუკიანი რა პრინციპით დარჩა თანამდებობაზე? საინტერესოა, რა გააკეთა ამ წლების განმავლობაში ისეთი, რომ არასოდეს არაფერი ეხება", - წერს კაპანაძე.

myquiz