რა ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნების მეორე ტური? | Allnews.Ge

რა ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნების მეორე ტური?

ბორჯომში "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატის, ზაზა ჩაჩანიძის განცხადებით, თითქმის ყველა უბანზე ძალოვანი უწყების თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. მისივე განცხადებით, ეს ქმნის საარჩევნო უბნებში სერიოზულ პრობლემას და იმედს გამოთქვამს, რომ დღის განმავლობაში ამომრჩეველს შესაძლებლობა მიეცემა საკუთარი აზრი თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს.

"პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ძალადობაშიც ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ბორჯომის რაიონში ძალადობის ფაქტებს ადგილი არ ექნება.

ჩაჩანიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება შსს.

უწყებაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ბორჯომში საარჩევნო უბნებზე ძალოვანი უწყებების განსაკუთრებული მობილიზებაა. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, არჩევნების მეორე ტური ყველა საარჩევნო უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

"სამართალდამცველები მობილიზირებულები არიან ექსცესების თავიდან ასაცილებლად, ან უსაფრთხოების მიზნით, თუმცა, არანაირი განსაკუთრებული მობილიზება სამართალდამცველების საარჩევნო უბნებზე არ მომხდარა", - აცხადებენ სამინისტროში.

რაც შეეხება სხვა უბნებში მიმდინარე საარჩევნო პროცესს, ოზურგეთში 43-ე საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ პატრული გამოიძახეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების" წარმომადგენლის, ფიქრია მამარდაშვილის განცხადებით, ოზურგეთში 43-ე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა სიებს კონკრეტული პირები ადგენენ.

მისი განცხადებით, აღნიშნული ქმედება ვიდეომასალით აღბეჭდა, რასაც მცირე ინციდენტი მოჰყვა. მამარდაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულის შემდეგ პატრული გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავებმა მისთვის კამერის წართმევა სცადეს.

"ოზურგეთის 43-ე საარჩევნო უბანზე ყოფილი დეპუტატი საარჩევნო სიებს ადგენდა. ეს ყველაფერი დავაფიქსირე. ამით ისინი ამომრჩეველზე ზეგავლენას ახდენენ. მანქანებში სიები იყო. პატრულის ეკიპაჟი გამოვიძახე. მოვიდნენ "შკოდას" მარკის ავტომობილებით, თუმცა სამართალდამცავებმა ჩემზე მოახდინეს ზეწოლა. ხელითაც კი შემეხნენ და კამერის წართმევა სცადეს. მერე ჟურნალისტები მოვიდნენ და სამართალდამცავებმა ჩემზე ზეწოლა შეწყვიტეს",- განაცხადა ფიქრია მამარდაშვილმა.

გარდა ამისა, ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, თუმცა რამდენიმე უბანზე პროცედურული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა.

ამ დროისთვის საუბნო კომისიებში წარდგენილია 3 საჩივარი, 2 საჩივარია წარდგენილია საოლქო კომისიებში, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 1 შენიშვნა.

myquiz