დეპუტატების წინააღმდეგ, შესაძლოა, სანქციები ამოქმედდეს | Allnews.Ge

დეპუტატების წინააღმდეგ, შესაძლოა, სანქციები ამოქმედდეს

მიმდინარე თვიდან დეპუტატების წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები ამოქმედდეს. ამის საჭიროებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კოლეგების დაგვიანებთან დაკავშირებით ხედავს, რის გამოც პარლამენტის პლენარული სხდომები არასდროს დანიშნულ დროს არ იწყება.

"მიუღებელია პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი მექანიზმი არის სანქციები. შეგვიძლია სანქციები ავამოქმედოთ ნოემბრის თვიდან. ეს არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ სხდომებში მონაწილეობის, დასწრებისა და დაგვიანებების მხრივ უკეთესი მაჩვენებელი გვქონდეს", - განაცხადა კობახიძემ პლენარული სხდომის დაწყებისას, რომელიც დღეს საათნახევრის დაგვიანებით გაიხსნა.

დაგვიანების გამო, პარლამენტის წევრები კოლეგებისადმი შეურაცხყოფასა და უპატივცემულობაში დაადანაშაულა დეპუტატმა რევაზ არველაძემ.

"ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის სხდომაზე არც ერთხელ დანიშნულ დროს არ დაწყებულა. სხდომას სულ მცირე ერთი საათის დაგვიანებით ვიწყებთ. ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ ამას არანაირი სანქციები არ უშველის. ეს ალბათ მენტალობისა და შეგნების ამბავია, რომელიც ბავშვობიდან მოდის. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ეს ხალხი ვინც ასე აგვიანებს, შეურაცხყოფას აყენებს კოლეგებსა და უპატივცემულობას გამოხატავს მათ მიმართ", - განაცხადა არველაძემ.

myquiz