მიხეილ სააკაშვილი მეგის ქარდავას შესახებ "ფეისბუქზე" წერს | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილი მეგის ქარდავას შესახებ "ფეისბუქზე" წერს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის მეგის ქარდავას დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

შესაბამისი განცხადება მან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

"მედიის წყაროები ძალიან არასარწმუნოა. ამ "უახლოეს თანაგუნდელს" მე არასდროს შევხვედრივარ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი", - დაწერა სააკაშვილმა და ჩანაწერს დაურთო ბმული, რომელზეც ერთ-ერთი უკრაინული მედიასაშუალება საქართველოს ექს-პრეზიდენტის "უახლოესი თანაგუნდელის" დაკავებაზე წერს.

მეგის ქარდავას დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის არც ერთი შესაბამისი ოფიციალური უწყება ამ ეტაპზე არ ადასტურებს.

"ინტერპრესნიუსი" უკრაინაში რამდენიმე ოფიციალურ უწყებას, მათ შორის სასაზღვრო სამსახურს და გენერალურ პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტს არ ადასტურებენ. ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს ასევე უკრაინაში საქართველოს საელჩო. როგორც "ინტერპრესნიუსს" უკრაინაში საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ განუცხადა, მეგის ქარდავას დაკავების თაობაზე ინფორმაცია მედიით შეიტყო.

myquiz