მოქალაქეებს მუნიციპალური სერვისების მიღება სახლიდან გაუსვლელად შეეძლებათ - კახა კალაძე | Allnews.Ge

მოქალაქეებს მუნიციპალური სერვისების მიღება სახლიდან გაუსვლელად შეეძლებათ - კახა კალაძე

მინდა ყველამ იგრძნოს ჩართულობა ქალაქის განვითარებაში, - ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" სტუმრობისას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქის მართვის კუთხით ბევრი სიახლე იქნება. კალაძის განმარტებით, იგეგმება ვებ-პლატფორმის შექმნა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს შეეძლებათ მიიღონ ყველა სერვისი, რაც ქალაქის მერიას გააჩნია.

"ჩვენ გვექნება მოქალაქეებთან შეხვედრა. გარდა ამისა, მე მართვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე ვისაუბრე, რომ ვაპირებთ მერიაში შევქმნათ შესაბამისი ვებ-პლატფორმა, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მუნიციპალური სერვისებით სახლიდან გაუსვლელად. რა თქმა უნდა, ის არსებული, რაც არის, როდესაც მერიაში მოდიან, განცხადებას წერენ და აბარებენ, დარჩება, თუმცა, კიდევ უფრო გავამარტივებთ და ვეცდებით, რომ ყველაფერი მარტივად იყოს, ერთი ფანჯრის პრინციპით. გარდა ამისა, სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით იქნება შესაძლებელი, მიიღონ მუნიციპალური სერვისები.

ასევე, ყველა თაობის ადამიანს, თუ აქვს კონკრეტული ხედვა ქალაქთან დაკავშირებით, რა შეიძლება გაკეთდეს, იქნება აპლიკაცია "შენი იდეა ქალაქის მერს". ამ აპლიკაციით, შესაძლებელი იქნება, წარმოადგინონ საკუთარი იდეები. თუ ის ღირებული იქნება, ჩვენ დავეხმარებით პროექტის განხორციელებაში. მინდა ყველამ იგრძნოს ჩართულობა ქალაქის განვითარებაში.

ასევე საინტერესოა, გადაწყდეს უბნისთვის რა იქნება პრიორიტეტული და მოქალაქეებს შეეძლოთ ხმის მიცემით არჩევა პროექტების. არ უნდა იყოს შეგრძნება, რომ არის მერი და მერია გააკეთებს. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ ქალაქის აღმშენებლობა", - განაცხადა კახა კალაძემ.

myquiz