ცესკო-ს თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან საჯარო მოხელეების მობილიზებას ჰქონდა ადგილი - თინა ბოკუჩავა | Allnews.Ge

ცესკო-ს თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან საჯარო მოხელეების მობილიზებას ჰქონდა ადგილი - თინა ბოკუჩავა

ცესკო-ს თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ საჯარო მოხელეების მობილიზება იყო მთელი თბილისის მასშტაბით და რეალურად, "ქართული ოცნების" ამოცანა იყო, ეს ბერკეტი გამოეყენებინათ 12:00-13:00 საათამდე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ ცესკო-ს თავმჯდომარესთან თამარ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თინა ბოკუჩავა და ლევან ბიბილაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს ადმინისტრაციული რესურსის მობილიზების საკითხთან დაკავშირებით შეხვდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ "ქართული ოცნება" საჯარო მოხელეებს ხმის მიცემას აიძულებს.

"წესით, უბნები, სადაც საჯარო მოხელეების მობილიზება დაფიქსირდა, უნდა გაუქმდეს და ეს იქნებოდა ცესკო-ს მხრიდან სწორი და მართებული რეაგირება. მინდა მოვუწოდო "ქართული ოცნებას", რომ ვერ მოიგებს არჩევნებს საჯარო მოხელეების უკანონო მობილიზაციით.

ის, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შეუძლიათ პერსონალური მონაცემები გამოიყენონ იმისთვის, რომ ზეწოლა მოხდეს ამომრჩეველზე, ეს ფაქტია", - განაცხადა თინა ბოკუჩავა.

მისივე განმარტებით, "ნაციონალურ მოძრაობას" აუდიოჩანაწერი, თუ როგორ ურეკავენ საჯარო მოხელეებს და ეუბნებიან რომ მივიდნენ არჩევნებზე, არ აქვს.

"თავად სუს-ს ექნება ასეთი ტიპის ჩანაწერები იმიტომ, რომ ისინი აწარმოებენ მონიტორინგს, თუ რომელი საჯარო მოხელე მივიდა არჩევნებზე და რომელი არა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

myquiz