საია პირველ დარღვევებზე უკვე საუბრობს | Allnews.Ge

საია პირველ დარღვევებზე უკვე საუბრობს

საია-ს ინფორმაციით, დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა ამ დროისთვის დაფიქსირდა საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე დარღვევა, ასევე ამომრჩევლის ნების კონტროლის არაერთი შემთხვევა, ძირითადად თბილისში.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, საია-ს დამკვირვებლების ინფორმაციით, სავარაუდოდ ადგილი აქვს ამომრჩევლის ნებაზე კონტროლს, რაც გამოიხატება შემდეგში: რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან დგანან საარჩევნო სუბიექტის "ქართული ოცნების", "მემარცხენე ალიანსის" ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ახალი სიტყვის" წარმომადგენლები და ინიშნავენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს, სავარაუადოდ, მათ ვინაობას და ამომრჩევლის სიაში რეგისტრაციის ნომერს.

"აღნიშნული ფაქტები ადასტურებს ინფორმაციას, რომელიც საია-ს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიაწოდეს კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის ნების კონტროლის მოსალოდნელი ფაქტების შესახებ. ამ დროისთვის მსგავს ფაქტებს ადგილი ჰქონდა შემდეგ უბნებზე: დიდუბის №6 , ნაძალადევის №61, №70, №13, მთაწმინდის №4 უბანზე, კრწანისის №19, დიდუბის №35 და №36 უბნებზე.

ჩვენი დამკვირვებლების მიერ შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ, კონტროლი განხორციელება ცალკეულ შემთხვევებში შეჩერდა. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ფაქტები მკაცრად გაკონტროლდეს როგორც უბნის თავმჯდომარეების, ასევე ზემდგომი საარჩევნო კომისიების მხრიდან და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მოხდეს შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საია-ს ინფორმაციით, ასევე ნაძალადევის №19 უბანზე ადგილი ჰქონდა არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემას, როდესაც პირველი ამომრჩეველი მართვის მოწმობით იქნა უბანზე დაშვებული. მისი მონაცემები საკონტროლო ფურცელში შეიყვანეს. შეჩერდა კენჭისყრის პროცესი და საოლქო საარჩევნო კომისიიდან მოითხოვეს ახალი საკონტოლო ფურცლის მიწოდება. აღნიშნულ დარღვევაზე საია-მ დაწერა საჩივარი.

გარდა ამისა, გლდანში №113-ე სპეცუბანზე დილით 7:00 საათზე არ უშვებდნენ საია-ს დამკვირვებელს. მას განუმარტეს, რომ ციხისთვის მიწოდებულ სიაში არ იყო მისი მონაცემები და ამიტომ ვერ შეუშვებდნენ, თუმცა მოგვიანებით დამკვირვებელი შეუშვეს. ხელვაჩაურში #16-ე უბანზე კი საია-ს დამკვირვებელს არ უშვებდნენ იმ არგუმენტით, რომ წილისყრის პროცედურა უნდა ჩატარებულიყო.

უბნის დაგვიანებით გახსნის ფაქტი დაფიქსირდა, საია-ს მონაცემებით, გორის 90-ე უბანზე. თავმჯდომარე უბანზე 20 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა; დაგვიანებით გაიხსნა ასევ ბათუმის №38-ე საარჩევნო უბანი და ნაძალადევის №49-ე საარჩევნო უბანი.

საია ასევე საუბრობს წილისყრის პროცედურების დარღვევებზე და გადასატანი ყუთის სიასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

"ნაძალადევის №მე-14 უბანზე გადასატანი ყუთის წილისყრაში უარი განაცხადეს "ევროპული საქართველოს" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ კომისიებმა დანიშნულმა წევრებმა. ნაძალადევის №4 უბანზე წილისყრის შემდეგ მოხდა პოზიციების თვითნებურად გადაცვლა კომისიის წევრებს შორის. მთაწმინდის №19 უბანზე გამოცხადდა 3 ადამიანი, რომელიც აპროტესტებდა, რატომ არ იყო შეტანილი მათი ოჯახის იმ წევრების მონაცემები გადასატანი ყუთის სიაში, რომლებიც არჩევნების დღეს ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდებოდნენ საარჩევნო უბანზე. ისინი განმარტავდნენ, რომ აღნიშნულის თაობაზე განცხადებები რეგისტრაციაში გაატარეს როგორც საუბნო, ასევე ცესკო-ში", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საია-ს დამკვირვებლებმა 6 საჩივარი და 9 შენიშვნა დაწერეს.

myquiz