ვინ არის და რას საქმიანობს კანდიდატი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია | Allnews.Ge

ვინ არის და რას საქმიანობს კანდიდატი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია

"ყოველდღე ვმუშაობ ისეთი ჩაგრული და მოწყვლადი ჯგუფის უფლებებზე, როგორიც ლგბტ თემია," - ასე იწყებს, საკუთარ თავზე საუბარს "რესპუბლიკური პარტიის" პროპორციული სიის პირველი ნომერი, ნინო ბოლქვაძე, პირველი პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია.

ორი შვილის დედა პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია, ფლობს ადვოკატის ლიცენზიას, რასაც უკვე წლებია, მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად იყენებს. წლების განმავლობაში მუშაობდა ფემიციდის, აგვისტოს ომით დაზარალებულთა, პატიმრებისა და ლგბტ თემის საკითხებზე. სამუშაო ყოველთვის ბევრი ჰქონდა, სასურველ შედეგსაც, როგორც წესი აღწევდა, - "2010-2011 წლებში მძიმედ დაავადებულ პატიმართა უფლებების დაცვაზე ვმუშაობდი, რადგან მომაკვდავ პატიმრებს ციხიდან არ უშვებდნენ, მაშინ ძალიან რთული ვითარება იყო," - ისხენებს ნინო ბოლქვაძე.

მანამდე, 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულთა ქონების აღდგენისთვის იბრძოდა, მიზეზი მისთვის ემოციური იყო, - "5 დღიანი ომის პერიოდში, როცა ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი ჩაცხრილეს, გადავწყვიტე, დაზარალებულთა დახმარებაში რაღაც წვლილი შემეტანა და ლია მუხაშავრიასთან ერთად მოხალისედ მუშაობა დავიწყე. ვიბრძოდით დაზარალებულთა ქონების აღდგენისთვის, ისინი არავის გაუფრთხილებია და არც საშიში წერტილებიდან გაუყვანია, როცა თავიანთი ნათესავები და გამგეობის წევრები გაჰყავდათ."

ამბობს, რომ პოლიტიკურ პროცესებში დისკრიმინირებული ადამიანების უფლებების დასაცავად ჩაერთო

ბოლო პერიოდში, ლგბტ თემის უფლებებსა და ფემიციდის საკითხებზე მუშაობდა, თუმცა ბერკეტები ამოწურა და გადაწყვიტა, დისკრიმინირებულ ჯგუფებს თბილისის საკრებულოდან დაეხმაროს, - "იმის ნაცვლად, რომ ლგბტ თემის უფლებების დასაცავად ხელისუფლებამ ნაბიჯები წინ გადადგას, საზოგადოებას სექსუალობის შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს, ჰუმანური და ტოლერანტული პოლიტიკა გაატაროს, ისედაც არსებულ სტერეოტიპებს უფრო აღრმავებს, რადგან რეალურ პრობლემებზე არ ფოკუსირდება და ცდილობს, ხალხი ყურადღება იმაზე გაამახვილოს, რომ ყველაფერი ცუდად მხოლოდ იმიტომაა, რომ ლგბტ ადამიანები არსებობენ," - აღნიშნავს პოლიტიკაში ჩართვის მიზეზებზე საუბრისას.

თავად ლგბტ თემის წარმომადგენელია, რაზეც პოლიტიკურ პროცესებში გამოჩენისთანავე განაცხადა, თუმცა, ფიქრობს, რომ ეს მხარდამჭერთა რაოდენობას შემცირების ნაცვლად გაზრდის, - "მწვავედ ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანები, სინამდვილეში უმცირესობაში არიან და ასეთი პირების განწყობები არ უნდა წავახალისოთ. ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, რომელიც ცუდად მოიქცევა, თავს დაგესხმება, თუმცა ეს თანამშრომლობით უნდა შეიცვალოს. არავის არ უნდა მივცეთ დაშინების შესაძლებლობა, პირიქით, ხელისუფლებას განვითარების გეგმა უნდა მოვთხოვოთ.

რაღაც ეტაპზე ადამიანებმა სხვანაირად დაიწყეს ფიქრი. ცოტა ხნის წინ, ბავშვისთვის რაღაცას ვყიდულობდი, უცებ მოვიდა ოჯახი, რომელმაც მადლობა გადამიხადა იმისთვის, რასაც ვაკეთებთ, რადგან ჩვენი ბრძოლის მიზეზებს სწორად ხვდებიან. ბევრი მიკავშირდება, თბილ სიტყვებს მეუბნებიან. ადამიანებმა საერთო მიზანი დაინახეს, რის გარშემოც ერთიანდებიან," - განმარტავს "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატი Allnews.ge-სთან საუბარში.

შეკითხვაზე, როგორი იქნება არჩევნების შედეგები, პასუხობს, რომ მთავარი დისკრიმინირებული ადამიანების საკითხების ღიად გაჟღერებაა და საზოგადოებაში სტიგმის დაძლევაც ნელ-ნელა მოხდება, - "ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი პროცესი ეს არის, მაგრამ რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგებიც მნიშვნელოვანია."

რატომ "რესპუბლიკური პარტია?" – ნინო ბოლქვაძესა და რესპუბლიკელების ლიდერებს საერთო ხედვები და შეხედულებები აქვთ, რამაც მათი ურთიერთთანამშრომლობა განაპირობა.

"თამარ კორძაიასთან შეხება ანტიდისკრიმინაციულ კანონზე მუშაობისას მქონდა. ამის შედეგად, მისი განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამოიკვეთა, რომ ეს ადამიანი სწორედ იმ ღირებულებების ერთგულია, რაზეც დემოკრატიული სახელმწიფო დგას"

საკრებულოს წევრად არჩევის შემთხვევაში, დისკრიმინირებული, ოჯახებისგან და გარემოსგან უარყოფილი ადამიანებისათვის თავშესაფრების შესაქმნელად დაიწყებს მუშაობას, - "ჩაგრულ ადამიანებს საკუთარი ქვეყნის მართვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას მივცემთ. რეგიონებში მცხოვრებ ლგბტ პირებს ხშირად სოფელი საცხოვრებელს უნადგურებს და იძულებულს ხდის, გაიქცეს, როცა წასასვლელი არსად აქვს. ძალადობის მსხვერპლ ქალებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, ნორმალურ თავშესაფარში, დაცულად ცხოვრობდნენ და არა ისეთ პირობებში, როგორიც ახლაა."

 ნინო ბოლქვაძე ბაღებში მასწავლებელთა აღზრდის მეთოდის გადახედვასაც გეგმავს, - "მაგალითად, აღმზრდელები თუ მშობლები ბავშვებს უნერგავენ, რომ ისინი სქესიდან გამომდინარე თანასწორები არ არიან ("გოგოა და უნდა დაუთმო"), მშობლები აღზრდის მეთოდად, ხშირად, ცემას იყენებენ, თუმცა მიდგომა უფრო ჰუმანური და განვითარებაზე ორიენტირებული უნდა იყოს," - აღნიშნავს ნინო ბოლქვაძე.

ამ პრობლემების მოგვარების გზად ნინოს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება მიაჩნია, -"მე ვფიქრობ, ამ მხრივ სასარგებლო ვიქნები, რადგან საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ვარ, უკვე ოთხი წელია, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებზე ვმუშაობ. სასამართლოს სტანდარტები ჩემთვის უკვე ცნობილია."

ამჟამად, სასამართლოში განსახილველად ახალ საქმეებს აღარ იღებს, რადგან სოციალური საწარმოების შექმნის თემაზე მუშაობს

ნინო იმედოვნებს, რომ ქუჩაში ულუკმაპუროდ ყოფნის ნაცვლად, დიკსრიმინირებული ადამიანები სწორედ ასეთ საწარმოებში დასაქმდებიან და შემოსავალი გაუჩნდებათ.

 

myquiz