ვინ არიან თბილისის მერობის ნაკლებად ცნობილი კანდიდატები | Allnews.Ge

ვინ არიან თბილისის მერობის ნაკლებად ცნობილი კანდიდატები

მერობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. კანდიდატების ძირითადი ნაწილი საარჩევნო კამპანიას უფრო აქტიურად მართავს და ცდილობს, ამომრჩევლის ყურადღება მიიპყროს, თუმცა არიან კანდიდატები, რომლებსაც საკუთარი პროგრამის შესახებ ფართო აუდიტორიის წინაშე ჯერ კიდევ არ უსაუბრიათ.

ამჯერად, Allnews.ge თბილისის მერობის ასეთი კანდიდატებით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ 13 კანდიდატიდან ხუთის საარჩევნო კამპანიისა და თუნდაც საქმიანობის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. ჩვენ მათ შესახებ ინფორმაციას გთავაზობთ:

გიორგი ლილუაშვილი – "საქართველო"

პოლიტიკური პარტია "საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი არჩევნებში მონაწლეობას პირველად არ იღებს. ლილუაშვილი პოლიტიკურ პროცესებში 2012 წელს ჩაერთო, ამ პერიოდში ის "მერაბ კოსტავას საზოგადოებამ" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. ამავე პარტიის სახელით ის არჩევნებში შემდეგ წელსაც მონაწილეობდა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატიც იყო, 2014 წელს კი კენჭს თბილისის მერად იყრიდა.

2016 წლიდან გიორგი ლილუაშვილი პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს" თავმჯდომარე გახდა, ამავე წლიდან ის ეროვნული სამხედრო აკადემიის რექტორია.

მას განათლება რამდენიმე სასწავლო დაწესებულებაში აქვს მიღებული. კერძოდ, დამთავრებული აქვს თბილისის სამრეწველო–ეკონომიკური კოლეჯის დაუსწრებელი განყოფილება, სპეციალობით "ეკონომიკა დაგეგმვა სახალხო მეურნეობის დარგებში," შემდეგ ჰუმანიტარული ინსტიტუტი, სადაც იურისტის კვალიფიკაცია მიიღო, მოგვიანებით კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გიორგი ლილუაშვილი ზოგადი პროფილის სამხედრო ექიმის კვალიფიკაციის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერობის კანდიდატი 2017 წლიდან თსსუ–ის დოქტორანტია.

მისი სამუშაო გამოცდილება როგორც იურისტის, ისე მედიკოსის კვალიფიკაციას უკავშირდება. საინტერესოა, რომ 2010 წელს გიორგი ლილუაშვილი მონაწილეობდა თსუ–ს რექტორის არჩევნებში რექტორის კანდიდატად.

ლილუაშვილი, როგორც თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული აკადემიის თანამშრომელი, ისე მოგვიანებით ერთ–ერთი სამედიცინო სასწავლებლის ლექტორი და იურისტიც გახდა.

მოგვიანებით მან მუშაობა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურისტად გააგრძელა, შემდეგ ერთ–ერთი კერძო კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტშიც მუშაობდა.

ნიკოლოზ სანებლიძე – "ტრადიციონალისტები"

ნიკოლოზ სანებლიძე თბილისის მერობის უხუცესი კანდიდატია. ის ამჟამად 59 წლისაა. განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. რაც შეეხება სანებლიძის სამუშაო გამოცდილებას, "ტრადიციონალისტების" კანდიდატი თსუ-ს თანამშრომელი და საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი იყო.

ნიკოლოზ სანებლიძე 1990–91 წლებში იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკიდან "მრგვალი მაგიდა– თავისუფალი საქართველო." ამჟამად, ის ქართველ "ტრადიციონალისტთა" კავშირის წევრია.

ლაშა სტურუა – "პროგრესულ–დემოკრატიული მოძრაობა"

ლაშა სტურუას პოლიტიკური საქმიანობაც, გიორგი ლილუაშვილის მსგავსად ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, თუმცა პოლიტიკურ პროცესებში ის 1998 წლიდანაა ჩართული. ამ პერიოდში ის დემოკრატიული აღორძინების კავშირის წევრი იყო, შემდეგ კი სხვადასხვა ორგანიზაციაში, ძირითადად, იურისტის საქმიანობას ახორციელებდა.

2006 წლიდან, ლაშა სტურუა "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრია.

2013 წელს ის "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის - ნინო ბურჯანაძის წარმომადგენელი იყო, 2014 წელს კი "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გლდანის საარჩევნო ოლქში. ამავდროულად, ის იურისტადაც მუშაობს.

2016 წლის 12 ივნისიდან ლაშა სტურუა "პროგრესულ–დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე გახდა და ამავე წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა, რომელშიც მანდატი ვერ მოიპოვა.

ამჟამად, ლაშა სტურუა 41 წლისაა.

თენგიზ შერგელაშვილი – "შენების მოძრაობა"

"შენების მოძრაობის" ბანერებსა და პოსტერებს ქალაქის ქუჩებში შეხვდებით, თუმცა მოქალაქეებს პარტიისა და მისი ლიდერების შესახებ მაინც მწირი ინფორმაცია აქვთ.

მას შემდეგ, რაც დავით უსუფაშვილმა "შენების მოძრაობა" დააფუძნა, თენგიზ შერგელაშვილი მისი გუნდის წევრია. შერგელაშვილი პოლიტიკურ პროცესებში აქამდეც ჩართული იყო. კერძოდ, 2006–2016 წლებში ის "რესპუბლიკური პარტიის" რეგიონული სამსახურის უფროსად მუშაობდა, 2007–2008 წლებში პარლამენტის ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტის" ექსპერტი იყო. 2012–2016 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

"შენების მოძრაობის" მერობის კანდიდატი "ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისის" ანალიტიკოსი და ილიას უნივერსიტეტის ლექტორიც იყო.

დავით შუკაკიძე – "ეროვნულ–დემოკრატიული მოძრაობა"

თბილისის მერობის კანდიდატის, დავით შუკაკიძის, შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი ბევრი რამ არ არის, თუმცა, პერიოდულად ის სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესში ჩნდებოდა ხოლმე. კერძოდ, შუკაკიძე ქართველი მილიონერის, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წევრი იყო, 2008 წელს კი კენჭს პრეზიდენტის პოსტზე იყრიდა.

კანდიდატი მონაწილეობას აქციებშიც იღებდა, "სახალხო კრების" აქციების დროს კი შეიარაღებული პროვოკაციის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. "ქართული ოცნების" ხელისუფლების მოსვლის შემდეგ - 2013 წელს გაათავისუფლეს.

ჩამოთვლილი კანდიდატებისგან განსხვავებით, აქტიურ საარჩევნო კამპანიაში ჩართულები არიან "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე," ელენე ხოშტარია "ევროპული საქართველოდან," ასევე ზაალ უდუმაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან," დამოუკიდებელი კანდიდატი "ალეკო ელისაშვილი," "ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატი გიორგი გუგავა, "ახალი საქართველოდან" გიორგი ვაშაძე, "პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატი – ირმა ინაშვილი და "დემოკრატიული მოძრაობისა" და "თავისუფალი საქართველოს" საერთო კანდიდატი კახა კუკავა.

myquiz