სადაც მიხვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო - საბურთალოს მაჟორიტარობის ბრიტანელი კანდიდატი საქართველოზე | Allnews.Ge

სადაც მიხვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო - საბურთალოს მაჟორიტარობის ბრიტანელი კანდიდატი საქართველოზე

კითხვაზე საიდან გაიგო საქართველოს შესახებ, იღიმის და ამბობს, რომ ეს საკმაოდ საინტერესო და უცნაური ისტორიაა. მონაყოლი მართლაც უცნაურად ჟღერს- კემბრიჯის უნივერსიტეტში არაბულ ენასა და ისლამის ისტორიას ეუფლებოდა, ამიტომ ცოტა ხნის განმავლობაში ეგვიპტეში ცხოვრება მოუხდა. მონაყოლიდან ირკვევა, რომ ეს სწორედ ის პერიოდი იყო, როდესაც ბირთვული იარაღის ძიებაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ინტერვენცია ერაყში განახორციელა. ვაშინგტონს კი სამხედრო მხარდაჭერა ლონდონმა გამოუცხადა. სწორედ ამიტომ ეგვიპტეშიც კი იმის ხსენება, რომ წარმოშობით ბრიტანელი იყო დისკომფორტს უქმნიდა.

როგორც თავად ამბობს, ერთგავარი დისკრიმინაციის თავიდან არიდების მიზნით, "გუგლის" საშუალებით ნეიტრალური ევროპული ქვეყნის ძიება დაიწყო, რომელიც უპირატესად ქრისტიანებითა და თეთრკანიანებით იქნებოდა დასახლებული. სწორედ ამ პროცესში საქართველოს მიაგნო და ვინმე მიხეილ სააკაშვილის არსებობის შესახებ შეიტყო. ამ დროს იფიქრა, რომ პარალელურ რეალობაში მიხეილ სააკაშვილი სავსებით შეიძლება, მისი ნათესავი ყოფილიყო. საქართველოს აღმოჩენის შემდეგ, კაიროს ქუჩებში გადაადგილებისა და ხალხთან შეხვედრისას ამბობდა, რომ ქართველი იყო. საწინააღმედოც არავის არაფერი აღმოაჩნდა, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, არც არავინ იცოდა, რომელი ქვეყანა იყო საქართველო და სად მდებარეობდა, ამიტომ პრობლემებიც არ შექმნია.

საბოლოო ჯამში, თავისი გადამრჩენელი ქვეყანა შეუყვარდა და ბაქოში მცირეხნიანი სტაჟირების შემდეგ, სადაც მშვიდობის შენების ორგანიზაციის წევრი იყო, გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლა საქართველოს გავლით გადაწყვიტა. ასე მოხვდა პირველად 2011 წელს იმ ქვეყანაში, რომლის დედაქალაქის თვითმმართველობის არჩევნებშიც წელს კენჭს იყრის.

ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი 32 წლისაა და საქართველოში უკვე 5 წელია ცხოვრობს.

ქართულს მშობლიურივით ფლობს, ენისადმი მისწრაფების ასახსნელად კი ანდაზას იხსენებს და გვეუბნება, სადაც მიხვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო. ქუდი კი არამხოლოდ საზოგადოებრივად, არამედ პოლიტიკურადაც დაიხურა და საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი გახდა. თბილისის პრობლემებს ჯერ კიდევ მაშინ გაეცნო, როდესაც საქართველოში ჟურნალისტის ამპლუა მოირგო და ამ სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.

"რომ დავიწყე ჟურნალისტად მუშაობა, მაშინვე გავიცანი თუ რა პრობლემები არსებობდა ჩვენს ქალაქში, თუნდაც ტრანსპორტის პრობლემა, გადაადგილების პრობლემა, მე მახსოვს, როდესაც პირველად ჩამოვედი ისეთი შთაბეჭდილება მქონდა რომ ტროტუარზე სიარული ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ამასთანავე გამწვანების პრობლემაც დავინახე და, მოკლედ, გავეცანი იმ ძირითად პრობლემებს, რაც არსებობდა ჩვენს ქალაქში. ცოტა ხნის შემდეგ აქტიურად ჩავერთე სამოქალაქო აქტივიზმში ჯერ კიდევ "პანორამა თბილისის" პროექტის განხილვის დროს. მაშინ დავდიოდი საპროტესტო აქციებზე, სადაც ალეკო ელისაშვილი გავიცანი და თანდათანობით თვითონ გავხდი აქციების ორგანიზატორი"- ამბობს ჯოზეფ სმიტი.

პირველ სამოქალაქო აქტივობებს საკრებულოში პირველი ვიზიტი და პირველი შოკი მოჰყვა. ახლა იხსენებს, რომ სხდომათა დარბაზში ნებისმიერი საკითხის განხილვის მიმდინარეობისას გასულ ცხრა წელს ან ბიძინა ივანიშვილს ახსენებდნენ. სწორედ ამიტომ, პირველი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს დაუსვა, რატომ არ ჟღერდა თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოქალაქეების ხმა და მათი ინტერესები.

"მას შემდეგ დავიწყე ფიქრი თუ რა შეიძლება გავაკეთო იმისთვის, რომ გავაჟღერო მოქალაქეების ხმა თბილსის საკრებულოში. ეს არ იყო იმპულსური გადაწყვეტილება, უკვე ორი წელია ამაზე ვფიქრობ, ორი წელია ეს იდეა მიტრიალებს თავში და როგორც კი მივხვდი, რომ ალეკო ელისაშვილი აპირებდა თბილისის მერობისთვის ბრძოლას, ვიფიქრე, რომ საჭირო იქმნებოდა დამოუკიდებელი დეპუტატების გამოსვლა პოლიტიკურ ასპარეზზე და გამოვედი მე"- აღნიშნა ჯოზეფ სმიტმა.

ასპარეზზეც გამოვიდა და წინასაარჩევნო კამპანიაშიც დაუყოვნებლივ ჩაერთო. აცნობიერებს, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი ფიგურაა და მოსახლეობისთვის თავის უკეთ გაცნობის მიზნით, საბურთალოზე ყველა ბინის კარზე აკაკუნებს, მასპინძლებისგან პრობლემების შესახებ აქტიურად ისმენს, რასაც შემდგომში თავის იდეებს უმატებს და საარჩევნო პროგრამად აყალიბებს. როგორც თვითონ ამბობს აცნობიერებს, რომ დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსი მის ბიუჯეტსა და რესურსებზეც აისახება, თუმცა მაინც ფიქრობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც არც ერთი პარტიის წევრი და კანდიდატი არ გახდა. ამ გადაწყვეტილების სისწორეში ის ამომრჩევლებიც არწმუნებენ, რომლებიც ეუბნებიან, რომ არჩევნებზე წასვლა დამოუკიდებელი კანდიდატის გამოჩენის შემდეგ გადაწყვიტეს.

ჯოზეფს უმეტესწილად სწორედ აღნიშნული მოქალაქეების იმედი აქვს.

"ვიცი რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ნულიდან ვიწყებ მუშაობას, მაგრამ ეს კარგი ნულია, რადგან მე ვარ ბრიტანელი, ვარ უცხოელი, მაქვს ახალი ხედვები და არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარსულთან არაფერი მაკავშირებს", - განმარტავს მაჟორიტარობის კანდიდატი და აქვე ამატებს, რომ საქართველოს პოლიტიკური წარსული კარგად შეისწავლა და იმასაც მიხვდა, რომ პოლიტიკურ სივრცეში ხშირად ხდება ამ წარსულით აპელირება.

"ჩემთვის მთავარია, რომ ჩემმა პოტენციურმა ამომრჩეველმა იცოდეს, რომ ჩემი სახით თბილისის საკრებულოში ეყოლება დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც არ ექნება, ბიზნეს ინტერესები, პარტიული და კარიერისტული ინტერესები. მე ვიქნები ადამიანი, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ამომრჩევლის ინეტერესებს და ეს ძალიან მნიშვნელვანია"

ჯოზეფ სმიტი აღნიშნულ არჩევნებზე თავის უპირველეს კონკურენტსაც ასახელებს და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამბობს, რომ მისი მთავარი მოწინააღმდეგე არა რომელიმე პოლიტიკოსი, არამედ საარჩევნო და პოლიტიკური პროცესებისადმი მოსახლეობის უნდობლობაა. თავის უპირველეს გამოწვევადაც პოლიტიკური პროცესებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულების დამარცხებას ასახელებს.

"მე არ ვიტყოდი, რომ საზოგადოებას რამე აკლია, ძალიან არ მომწონს, როდესაც გამოხატულია ის ნეგატიური განწყობა, რომ ჩვენ ქართველები ვართ და არაფერი გვეშველება, თითქოს ჩვენი ქართველობა რამეში გვიშლის ხელს. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ეს ასე არ არის. პირიქით, საქართველო არის შესაძლებლობების ქვეყანა. ახლა ვფიქრობ, რომ მე ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო. შეიძლება ძალიან გამბედავი გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ მე მგონი სწორი გადაწყვეტილებაა".

ჯოზეფ სმიტი წინასაარჩევნო პროცესებსაც აფასებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ბრიტანეთის მოდელს ადარებს. ამბობს, რომ ბრიტანეთის არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება არ აქვს, თუმცა მთავარი განსხვავების დაჭერას მაინც ახერხებს. განსხვავებას კი, პირველ რიგში, ამომრჩეველში ხედავს და ამბობს, რომ ბრიტანეთში მოსახლეობას საარჩევნო უბანზე მისვლამდე აქვს გადაწყვეტილება მიღებული, საქართველოში კი ძალიან ბევრი გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, რომელმაც არ იცის, ვის დაუჭიროს მხარი და ვის ანდოს ქვეყნის მართვის სადავეები,-"ამიტომ გაერთიანებულ სამეფოში წინასაარჩევნო პერიოდში მუშაობენ იმაზე, რომ მოსახლეობა მიიყვანონ არჩევნებზე, საქართველოში კი ნამდვილი ბრძოლა მიდის გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მხარდაჭერის მოსაპოვებლად".

"ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი არის გიჟი ბრიტანელი, რომელიც 5 წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში და პირველი შთაბეჭდილება, რაც ამ ქვეყანაზე შეექმნა არის ის, რომ ეს არის ძველი ქვეყანა ჭაბუკის სახით. და მას ისე შეუყვარდა ეს ქვეყანა, რომ აქ მუდმივად აპირებს ცხოვრებას" - ასე ახასიათებს მაჟორიტარობის კანდიდატი საკუთარ თავს და ამბობს, რომ ერთადერთი, რაც აინტერესებს- თბილისის კეთილდღეობაა და სურს, თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმიანობაში.

"მე ვერ გადავარჩენ თბილისს ეს არის საერთო გუნდური საქმე, მე მსურს ჩემი წვლილი შევიტანო ამ საქმეში"

myquiz