"წინასაარჩევნო კამპანია სიახლეებით არის დატვირთული" - სპეციალისტები კანდიდატების აქტივობას აფასებენ | Allnews.Ge

"წინასაარჩევნო კამპანია სიახლეებით არის დატვირთული" - სპეციალისტები კანდიდატების აქტივობას აფასებენ

8 დღეში საარჩევნო უბნები გაიხსნება და ამომრჩეველი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად რიგში ჩადგება. თითოეული ჩვენგანი შეეცდება ქალაქის თვითმმართველობა სასურველი ან საუკეთესო კანდიდატებით დააკომპლექტოს და ინდივიდუალურად გადაწყვეტს, ვინ იმსახურებს ქალაქის მმართველის სტატუსს. ელექტორატის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ საარჩევნო უბანზე მისვლამდე ჰყავს შერჩეული სასურველი კანდიდატი ან პოლიტიკური პარტია, თუმცა, ტენდენციურად თითქმის ყველა წინასაარჩევნო გამოკითხვა აფიქსირებს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ფავორიტი წინასწარ არ ჰყავთ შერჩეული და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საარჩევნო ბიულეტენისთვის თვალის შევლების შემდეგ იღებს.

საინტერესოა, რა ახდენს გავლენას ამომრჩეველზე, რას ანიჭებენ უპირატესობას რომელიმე კანდიდატისთვის ხმის მიცემის მომენტში, როგორ ცდილობენ პოლიტიკური აქტორები ელექტორატისთვის თავის დამახსოვრებას და მათი ნდობის მოპოვებას, Allnews.ge-ის კითხვებს PR ტექნოლოგებმა უპასუხეს.

PR სპეციალისტის ელდარ პირმისაშვილის შეფასებით, თვითმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია სიახლეებით იყო დატვირთული და უფრო მეტად ჰგავდა PR კამპანიას, როგორიც უნდა იყოს ის სინამდვილეში, ვიდრე კამპანიის წარმოების წინა ნებისმიერი მცდელობა, რა დროსაც პირმისაშვილის თქმით, მწირ რესურსებს იყენებდნენ და ძირითადად სარეკლამო რგოლებით, ბილბორდებითა და შეხვედრებით შემოიფარგლებოდნენ.

"სიახლეებში იმას ვგულისხმობ, რომ შედარებით არაფორმალური გახდა კომუნიკაცია. მაგალითად, სოციალური ქსელები გააქტიურდა და მნიშვნელობა შეიძინა, მასში ბევრი ახალგაზრდაა ჩართული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არხი გახდა საკომუნიკაციოდ. თითქმის ყველა კანდიდატი იყენებს. თუმცა, სოციალური ქსელი პირველად და აქტიურად კახა კალაძემ გამოიყენა, რადგან ამ კომუნიკაციის აქტორი თავად იყო და თვითონ იღებდა ვიდეო სელფებს, ამით მან სოციალური ქსელების კონკრეტულ სეგმენტში გაითქვა სახელი"- განმარტა ელდარ პირმისაშვილმა.

PR ტექნოლოგმა კიდევ ერთ დადებით ტენდენციას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ დრომდე წარმოებული კამპანიების პრობლემა ის იყო რომ სამიზნე ჯგუფები არ ჰყავდა, ანუ კეთდება ერთი ზოგადი კამპანია ყველასთვის, ახლა კი თითქმის ყველა კანდიდატს ამომრჩეველი კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებად ჰყავს დაყოფილი და თითოეულ ჯგუფზე გათვლილ ინდივიდუალურ კამპანიას აწარმოებენ.

"შეგვიძლია გამოვყოთ კალაძის კამპანია, სადაც იყო სელფები, რომლეშიც დაყოფილია სხვადასხვა მიმართულება და სხვადასხვა გზავნილები, ვიღაცას ეკოლოგია აინტერესებს, ვიღაცას ტრანსპორტი, ვიღაცას მშენებლობები, და თუ დააკვირდებით სარეკლამო რგოლებიც, როგორც სოციალურ ქსელში, ასევე ტელევიზიაში არის დაყოფილი".

პირმისაშვილის თქმით, ელისაშვილს აქვს განსხვავებული კამპანია იმ კუთხით რომ ცნობილი ადამიანები და ცნობილი სახეები უჭერენ მხარს.

"რა თქმა უნდა, მას კახა კალაძესთან შედარებით შეზღუდული რესურსები აქვს და ძირითადად სოციალური ქსელითა და პირდაპირი შეხვედრებით ცდილობს ამომრჩევლამდე თავისი პოზიციის მიტანას. მისი ვთქვათ იგივე მწვანე ფერი, სპეციალურად არის შერჩეული. მისი სტრატეგია მთლიანად ამაზე არის ორიენტირებული", - ამბობს ელდარ პირმისაშვილი.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ნინა პერტენავა ალეკო ელისაშვილის ემოციურ გამოსვლებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ეს ემოციური ფონი და მცდელობა მის გულწრფელობაში დაარწმუნოს ამომრჩეველი ნამდვილად დიდ აუდიტორიაზეა გთვლილი.

პირმისაშვილი კი ელენე ხოშტარიაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მას შედარებით უფრო აკადემიური იმიჯი ჰქონდა.

"რადგან ის უფრო ინტელექტუალურია, რადგან მისი პარტია ძირითადად სახალხო არ არის, ის ცდილობს რომ გახდეს უფრო სახალხო და მაგალითად ასეთი კამპანია ჰქონდა, ხოშტარია თქვენს მეზობლად და ამის ფარგლებში რომელ უბანშიც აწარმოებდა კამპანიას, იქ ცხოვრობდა რამდენიმე დღე"- აღნიშნა ელდარ პირმისაშვილმა და აქვე განმარტა, რომ ქართველ ამომრჩეველში ჯერ კიდევ პრობლემურია ქალი პოლიტიკოსი და ქალი მერი, სწორედ ამიტომ ელენე ხოშტარიაზე ორმაგი დატვირთვა მოდის, მან პირველ რიგში უნდა დაამტკიცოს, რომ ქალ კანდიდატს ისეთივე შანსები აქვს, როგორიც სხვებს და შემდეგ უნდა დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ უკეთესი პროგრამა აქვსდ ვიდრე სხვა კანდიდატებს.

"თუ დავაკვირდებით ზაალ უდუმაშვილს აქვს უფრო ტრადიციული კამპანია, ძირითადად მან დაიწყო ყველაზე აქტიურად კარდაკარი და ერთ-ერთი პირველი იყო, იმიტომ რომ პირდაპირ საქმეზე გადასვლა გაცილებით ეფექტურია, ასე უფრო მეტად იგებ, რა ტიპის პრობლემატიკა აწუხებს საზოგადოებას და როგორი მიმღებლობა აქვს, იმიტომ რომ პირველობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ შეხვდება ამომრჩეველს, ეს ფაქტობრივად ახდენს ხოლმე აზრის ფორმირებას", - აღნიშნა პირმისაშვილმა ზაალ უდუმაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დახასიათებისას.

PR ტექნოლოგი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ძირითადი გადაფარვაა "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის, რადგან მათ ერთმანეთის მსგავსი ეკონომიკური პოლიტიკა აქვთ. პირმისაშვილის თქმით, საინფორმაციო ველში ყველა ერთმანეთის კონკურენტია, რადგან ამომრჩეველს არ აქვს ბევრი კანდიდატის და მათი პროგრამების დამახსოვრების უნარი, ელექტორატი იმახსოვრებს გამორჩეულებს, კანდიდატებს კი მათი წინასაარჩევნო კამპანია გამოარჩევს.

რომელმა კამპნიამ იმუშავა უკეთ და ვისი დამახსოვრება და ნდობა შეძლო ამომრჩეველმა? ეს დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

myquiz