ვის დასჭირდა არჩევნებამდე იმ თემის გააქტიურება, რომელიც პროტესტისთვის განწირული იყო? | Allnews.Ge

ვის დასჭირდა არჩევნებამდე იმ თემის გააქტიურება, რომელიც პროტესტისთვის განწირული იყო?

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე 10 დღეა დარჩენილი, წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადმა ნაწილმა კი საკრებულოსთან გადაინაცვლა. ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგობისა და აქტიური პროტესტის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ ოქროყანის დასახლების 4 433 კვ.მ და პუშკინის სკვერის ტერიტორიაზე 1900 კვ.მ ფართობის 1 ლარად გასხვისების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. თბილისის სხვადასხვა ნაწილის გასხვისების საკითხს ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებენ, საკრებულოს სხდომას, რომელის დროსაც აღნიშნულ საკითხს 31 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, არალეგიტიმურს უწოდებენ და საქალაქო სასამართლოში შესაბამისი სარჩელის შეტანას გეგმავენ. თუმცა, იქამდე საქალაქო სასამართლო საკრებულოსთან გუშინ გამართულ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" 8 წევრის მიერ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხს განიხილავს.

ამ პროცესების პარალელურად იკვეთება ერთი პასუხგაუცემელი კითხვა, რაში დასჭირდა "ქართულ ოცნებას" არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ისეთი თემის აქტუალიზაცია, რომელიც სპეკულაციებისა და პროტესტისთვის წინასწარ იყო განწირული?

აღნიშნულ კითხვაზე სავარაუდო ვერსიები Allnews.ge-ს ექსპერტმა გია ხუხაშვილმა შესთავაზა.

"აქ საქმე გვაქვს ან ზღვარგადასულ სიბრიყვესთან ან იძულებულები ვართ, შეთქმულების თეორია განვავითაროთ. ერთადერთი პოლიტიკური ლოგიკა, რაც შეიძლება ამაში ვნახოთ ეს გახლათ ის, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ისევ და ისევ ცდილობენ ორპოლუსიანობის გათამაშებას და ამომრჩევლის დარწმუნებას, რომ მათ გარდა არავინ არსებობს ანუ საინფორმაციო ველი მთლიანად უნდათ, რომ შეავსონ და ურთიერთდაპირისპირებით გადაჩრდილონ სხვა კანდიდატები, მაგალითად ალეკო ელისაშვილი. ასეთ თამაშებს არ სჭირდებათ შეთანხმება. ესეთი ტიპის დაპირისპირება არის ის საკვები, რომლითაც ეს პარტიები ე.წ სიმბიოზად ყალიბდებიან. რომელთაც რეალურად არ უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ხვდებიან, რომ ამ დაპირისპირებიდან რაღაც სიკეთეს ნახავენ", -განმარტა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტის მტკიცებით, ამ შემთხვევაში აღნიშნული პოლიტიკური თამაშის სარგებელი არჩევნების შედეგებში შეიძლება ვეძებოთ. ხუხაშვილის თქმით, მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაშიც კი "ქართულ ოცნებას" მთავარ ოპონენტად "ნაციონალური მოძრაობის" ხილვა სურს, რადგან დარწმუნებულია, რომ მის დამარცხებას ადვილად შეძლებს.

"მაგრამ თუ უფრო ღრმად წავალთ, შეიძლება, დავინახოთ, რომ ეს ყველაფერი კახი კალაძის წინააღმდეგაც მუშაობს. ეს არ არის მერი ნარმანიას, საკრებულოს ან თუნდაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი პირადად კახი კალაძეს აზარალებს. მე ვსვამ კითხვას, მაშინ, როდესაც ეს არის მრავალწლიანი პროექტი, რა აუცილებლობა იყო ამ ორ კვირაში არჩევნების წინ ამ საკითხის აქტუალიზაცია?! ამიტომ ვამბობ, რომ ეს ან სრული სიბრიყვეა ან პოლიტიკრუი თამაშია კახი კალაძის წინააღმდეგ მიმართული. ის, რომ "ქართულ ოცნებაში" შეიძლება კალაძე, როგორც მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მერი, მაინც და მაინც, ყველას არ მოსწონდეს ასეთი დაშვებაც შეიძლება. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ხომ კალაძეს დააზიანებს, რადგან ნარმანიაც და საკრებულოც წარმავალია და ერთადერთი, ვინც ხელისუფლების მხრიდან უნდა მოვიდეს ეს კალაძეა", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტის თქმით, მსგავსი პოლიტიკური თამაშების წარმოება "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობისთვის" უკვე მრავალჯერ აპრობირებული ხერხია.

"ეს არის წმინდა პოლიტექნოლოგიური საკითხი. ამ პოლიტექნოლოგიით განვითარდა ყველა წინა არჩევნებზე მოვლენები, როდესაც ხელოვნურ დაპირისპირებას იწყებდა ეს ორი ძალა და ამით ყველა სხვა პარტია გადადიოდა მეორე პლანზე. ირიბი ეფექტი არის ის, რომ კახი კალაძე ზიანდება საბოლოო ჯამში."- თქვა გია ხუხაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ ამჯერად ორპოლუსიანობის შესაძლებლობაში ეჭვი ეპარება და ამბობს, რომ თუ მისი ვარაუდი გამართლდა და ალეკო ელისაშვილმა მეორე ტურში გასვლა შეძლო, "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური ხრიკები უკან ცუდად დაუბრუნდება.

myquiz