საკრებულოს გადაწყვეტილებას მიწების 1 ლარად გადაცემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ გუნდში აფასებენ | Allnews.Ge

საკრებულოს გადაწყვეტილებას მიწების 1 ლარად გადაცემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ გუნდში აფასებენ

ბიძინა ივანიშვილისთვის თაბორის მთის მიწის და პუშკინის სკვერში მიწის გადაცემის საკითხს "ნაციონალური მოძრაობა" სასამართლოში გაასაჩივრებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მარიკა დათუკიშვილმა განუცხადა, რომელმაც გუშინ, საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

"მოვითხოვეთ, რომ დღის წესრიგიდან ამოღებულიყო ორი საკითხი, რომელიც ივანიშვილისთვის მიწების ჩუქებას ეხებოდა. ამაზე უარი მივიღეთ. როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ, რომ სხდომა გახსნილიყო, ის ყოველგვარი კანონდარღვევით დახურეს. ალიბეგაშვილისთვის კანონი არის ბიძინა, მას არ აქვს უფლება სხვა კანონს იცნობდეს. ის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის კანონებს იცნობს. სხდომა ყოველგვარი კანონდარღვევით ჩატარდა. ამ საკითხების მიღება-არ მიღება ლეგიტიმაციას კარგავს. შესაბამისად, კანონმდებლობის დაცვით ამ საკითხს სასამართლოში გავასაჩივრებთ", - განაცხადა დათუკიშვილმა.

საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა ოპოზიციასა და მმართველ გუნდშიც.

როგორც "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა,  საკრებულოს გუშინდელი სხდომა უკანონოდ მიმდინარეობდა, ვინაიდან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს საკუთარი მოსაზრების გამოხატვის საშუალება არ მიეცათ.

"იმისთვის, რომ ქონება 1 ლარად გადასცემოდა ბიძინა ივანიშვილს, მთელი სახელმწიფო მანქანა იყო მობილიზებული, რათა დეპუტატები, აქტივისტები არ შეეშვათ სხდომაზე. ვისაც შეკითხვა და განსხვავებული აზრი ჰქონდა, ყველას დაატოვებინეს პროცესი კორდონის მოწყობით და სხვადასხვა მეთოდით. პროცესი მთლიანად დაიგეგმა ისე, რომ არავის ჰქონოდა განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლება. ჩვენ ვხედავთ, როგორ თელავს "ქართული ოცნება" მთელ მმართველობას. კახი კალაძე, რომელიც ჰპირდება ყველას, რომ მერიაში პროცესი გამჭვირვალე იქნება და სულ იზრუნებს რეკრეაციულ ზონებზე, მისმა გუნდმა დღეს ეს ყველაფერი ფეხქვეშ გათელა", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს "ერთობა - ახალი საქართვლოს" მერობის კანდიდატიც ეხმაურება. გიორგი ვაშაძის თქმით, სამარცხვინოა ის პროცესები, რომელიც საკრებულოში მიმდინარეობს და ეს უკანონო პროცესები ამომრჩეველმა 21 ოქტომბერს უნდა დაასრულოს.

"მოვითხოვ აიკრძალოს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად ქონების გადაცემა გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებებით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. მსგავსი პროექტი უნდა იყოს გატანილი აუქციონზე, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და ობიექტურობას ყველა დაინტერესებული პირისთვის. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ 21 ოქტომბერს ამომრჩევლმა გაისტუმროს ხელისუფლებიდან "ქართული ოცნება", წინააღმდეგ შემთხვევაში მეტ უკანონობას ექნება ადგილი", – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით კი, მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხზე საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, საკითხები, რომლებსაც გუშინ დაუჭირეს მხარი, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია.

"ბოლო დღეებში სულ იმაზე იყო საუბარი, რომ ტერიტორია 1 ლარად სხვისდებოდა და არავინ საუბრობდა მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებაზე. ასევე, განცხადებები კეთდებოდა, რომ თაბორის მთა იყიდებოდა, არავინ საკითხის არსში არ წვდებოდა, კერძოდ, თუ რა უნდა გაკეთდეს იმ ტერიტორიებზე. მთელი ფერდობის მელიორაციის სისტემის განვითარებაზეა საუბარი. ქალაქისთვის ეს ერთ-ერთი უბრწყინვალესი პროექტია, რომელიც 1 მილიარდ 500 მილიონიან ინვესტიციას ითვალსიწინებს, ამაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება”, - განაცხადა გუშინ ალიბეგაშვილმა.

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით კი, დეპუტატების მიერ საკრებულოს სხდომის ჩაშლის წინასწარ დაანონსების ფონზე, საკრებულოს გადაწყვეტილება მათი სხდომაზე არდაშვების თაობაზე ლეგიტიმურია.

"რასაც ისინი ერთ ლარად ქონების გადაცემას არქმევენ, რეალურად, არის მილიარდიანი ინვესტირება, რასაც ხელს უშლიან. შესაბამისად, ისინი ხელს უშლიან ეკოლოგიას, სამუშაო ადგილებს, თბილისის ახალ სავიზიტო ბარათს. თუ ასე აპირებენ ამომრჩევლის გულის მოგებას, ბუნებრივია, ამას სწორ სვლად ნამდვილად ვერ შევაფასებ. მე ვფიქრობ, ნებისმიერი აქცია, ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც პროგრესის ჩაშლისკენ არის მიმართული - საკრებულოს სხდომა იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება - უნდა აღიკვეთოს",- განაცხადა მდინარაძემ.

თბილისის საკრებულომ ოქროყანის დასახლებაში 4 433 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზაციის, ასევე პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ.მეტრ ფართობზე მიწისქვეშა სადგომის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები დაამტკიცა. ამ საკითხების განხილვის დროს საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატებიდან მხოლოდ ფრაქცია "დედაქალაქის" წევრები იმყოფებოდნენ.

myquiz