10.10.2017 / 16:05
შრიფტის ზომა:

ცესკოს შეფასება ანდრეი შევჩენკოს მიერ თბილისში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს მიერ თბილისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ კახა კალაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა ვერ აღმოაჩინა.

როგორც ცესკოს მიერ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადების საპასუხოდ გამოქვეყნებულ წერილშია ნათქვამი, საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი, რომელიც უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით თბილისში ჩატარდა, წინასაარჩევნო აგიტაციად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, ანდრეი შევჩენკო მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ვერ დაჯარიმდება.

"რადგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არ წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტს, აღნიშნული ღონისძიება ვერ იქნება განხილული როგორც წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, ჩატარებული საფეხბურთო მატჩი არ წარმოადგენდა საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებას, რომელიც შესაძლოა განხილული ყოფილიყო, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელებისთვის ორგანიზებული და ჩატარებული ღონისძიება.

შესაბამისად, წარმოდგენილ ვიდეომასალაში არ იკვეთება, რომ ადგილი აქვს წინასაარჩევნო კამპანიას, ანუ კონკრეტულ წინასაარჩევნო ღონისძიებას, ამასთან, არ შეინიშნება ამომრჩეველთა მოწოდება, წინასაარჩევნო ღონისძიებაში მონაწილეობა ან ისეთი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან უშლის საარჩევნო სუბიექტის არჩევას.

ვიდეომასალაში გაჟღერებული ფრაზები წარმოადგენდა კონკრეტული პირის მიერ გამოთქმულ პირად მოსაზრებას, რაც არ წარმოადგენს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს და არ შეიძლება განხილულ იქნეს კონკრეტული წინასაარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ წინასაარჩევნო აგიტაციად.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე–17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საქართველოს მოაქალაქეთა თანაბრად, საერთო საფუძველზე. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ თქვენს განცხადებაში მითითებულ უცხოელი მოქალაქის მიერ რომც განხორციელებულიყო საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება შესაძლებელი იქნებოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი იქნებოდა საქართველოს ტერიტორიაზე.

არ იკვეთება საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა, კერძოდ, ადგილი არ აქვს საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებას, აგრეთვე არ იკვეთება წინასაარჩევნო აგიტაციის

გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის ფაქტი, შესაბამისად, მიზანშეუწონლად მიმაჩნია თქვენს განცხადებაში მითითებული პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა", – აღნიშნულია საია-სადმი გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია აწერს.

ცნობისთვის, თბილისში გამართული საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩის შემდეგ ანდრეი შევჩენკომ განაცხადა: "დიდად მოხარული ვარ აქ ყოფნით. გულით ვუსურვებ წარმატებას ჩემს მეგობარ კახი კალაძეს. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება".