თბილისის მერობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საკუთარი გუნდის ნაწილი წარადგინა | Allnews.Ge

თბილისის მერობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საკუთარი გუნდის ნაწილი წარადგინა

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საკუთარი გუნდის ნაწილი წარადგინა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მან წარადგინა გუნდი, რომელთან ერთადაც რეალურად უნდა გადაარჩინოს ქალაქი, რათა თბილისი გახდეს "საცხოვრებლად ვარგისი სივრცე".

"მე დღეს წარვადგინე გუნდი, რომელთან ერთად, მერიაში მოსვლის შემდეგ, რეალურად და გადაუჭარბებლად უნდა გადავარჩინოთ ეს ქალაქი, რომ ეს ქალაქი გახდეს საცხოვრებლად ვარგისი სივრცე, სადაც არ იქნება შხამიანი ჰაერი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება თანამედროვე, კომფორტული და მოხერხებული, სადაც მწვანე სივრცეების რაოდენობა გაიზრდება და ხეები არ გაიჩეხება, სადაც სოციალური პროგრამები იქნება მიზნობრივი, ადეკვატური, ადამიანებს სიღარიბის დაძლევაში დაეხმარება და არა სიღარიბეში დარჩენაში. აქ არიან პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და კვალიფიციური ადამიანები, რომლებსაც თავიანთ სფეროში აქვთ ძალიან მაღალი რეპუტაცია დამსახურებული", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის გუნდის წევრები არიან დავით ნიკოლაიშვილი - წამყვანი ურბანისტი; ვატო სურგულაძე - ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი; დევი ტაბიძე - მედიცინის აკადემიური პროფესორი; ნატო კირვალიძე - გარემოს დამცველი; სანდრო სარალიძე - არქიტექტორი; ნინო კორძახია - არქიტექტორ-რესტავრატორი; ნინო ოქრუაშვილი - სამუზეუმო მენეჯმენტის სპეციალისტი; ირაკლი ჯუღელი - იურისტი; ივანე ნორაკიძე - იურისტი.

myquiz