თბილისში გაკეთებული განცხადების გამო, ანდრეი შევჩენკო, შესაძლოა, 2000 ლარით დაჯარიმდეს | Allnews.Ge

თბილისში გაკეთებული განცხადების გამო, ანდრეი შევჩენკო, შესაძლოა, 2000 ლარით დაჯარიმდეს

ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო თბილისში გაკეთებული განცხადების გამო, შესაძლოა, 2000 ლარით დაჯარიმდეს. აღნიშნული ოდენობის ჯარიმას ის კანონდარღვევა ითვალისწინებს, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მტკიცებით, შევჩენკომ ჩაიდინა. უფრო კონკრეტულად, საიამ ცესკოს საჩივრით მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ ცნობილმა უკრაინელმა ფეხბურთელმა საქართველოს საარჩევნო კოდექსის ნორმა დაარღვია. შეგახსენებთ, რომ თბილისში გამართული მატჩის შემდეგ, ანდრეი შევჩენკომ თქვა: "მოხარული ვარ აქ ყოფნით. გულით ვუსურვებ წარმატებას ჩემს მეგობარ კახი კალაძეს. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება."

როგორც საიას საარჩევნო და თვითმართველობის პროექტების კოორდინატორმა ირმა პავლიაშვილმა Allnews.ge-სთან საუბარში განმარტა, ამ შემთხვევაში დაირღვა კოდექსის ნორმა, რომელიც საუბრობს იმაზე თუ ვის შეუძლია და ვის არ შეუძლია აგიტაციაში მონაწილეობის მიღება.

"საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტში პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს აკრძალული აქვთ წინასაარჩევნო კამპანიის აგიტაციაში ჩართვა და მისი განხორციელება. სწორედ აი ამ დარღვევასთან დაკავშირებით სავარაუდოდ დავაფიქსირეთ ეს, როდესაც შევჩენკომ კომენტარი გააკეთა მატჩის შემდგომ და თქვა, რომ ის კალაძის მხარდასაჭერად იყო ჩამოსული და კალაძე კარგი მერი იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით წარვადგინეთ ჩვენ საჩივარი საარჩევნო ადმინისტრაციაში"- განმარტა ირმა პავლიაშვილმა.

საიას საარჩევნო და თვითმართველობის პროექტების კოორდინატორის თქმით, საარჩევნო კოდექსით თვითონ აგიტაციაც განმარტებულია. მე-2 მუხლის "ჰ1" ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე, ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.

ირმა პავლიაშვილით თქმით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცესკოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას ელის.

myquiz