დაპირისპირება თბილისის საკრებულოში - რა განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკოსები? | Allnews.Ge

დაპირისპირება თბილისის საკრებულოში - რა განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკოსები?

თითქმის საათნახევრიანი ხმაურის შემდეგ თბილისის საკრებულოში სხდომა განახლდა. დარბაზში 29 დეპუტატი იმყოფება. ქვორუმით 26 დეპუტატია საჭირო, შესაბამისად სხდომა მუშაობას შეუდგა.

სხდომის დასაწყისში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, სამწუხაროა, რომ ისინი, ვინც კანონს უნდა იცავდნენ, სწორედ ისინი არღვევენ კანონს.

სხდომის დასაწყისში საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოში ძალიან კარგად მომზადებული სცენარი გათამაშდა, რომლის მიზანი იყო გაპიარებულიყო "ნაციონალური და ნეონაციონალური მოძრაობა", შედეგად კი, ის ორი საკითხი, რომლის დამტკიცებაც თბილისის საკრებულოს სხდომაზე უნდა მოხდეს, მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობა პუშკინის სკვერთან და თაბორის მთაზე საირიგაციო სისტემის მშენებლობა გაპიარდა.

სხდომა საკრებულოში მას შემდეგ გაგრძელდა, რაც ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ლოჟიდან "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" ყველა წარმომადგენელი გაიყვანეს.

ხმაური და დაპირისპირება საკრებულოში თაბორის მთაზე მდებარე მიწების გასხვისების საკითხის განხილვას მოყვა.

ამასთან თბილისის საკრებულოს სხდომა ცოტა ხნის წინ თბილისის მერობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ელისაშვილმა სხდომის დატოვებამდე კოლეგებს მოუწოდა, რომ იმ საკითხებს რასაც დაპირისპირება მოჰყვა, მხარი არ დაუჭირონ.

"სხდომათა დარბაზში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, ეს კატეგორიულად დაუშვებელია. ყველა ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის უფლება, მით უმეტეს საჯარო სივრცეში. გავარკვიეთ, დავაზუსტეთ, რომ პუშკინის სკვერში პარკინგის საკითხზე გეოლოგიური კვლევა არ არის ჩატარებული, ხოლო მეორე საკითხზე, ლანდშაფტო–რეკრეაციული ზონისთვის 5 ათასი კვ.მ–სთვის სტატუსის მოხსნა არის უბრალოდ აღმაშფოთებელი და დაუშვებელი. შესაბამისად, მე როგორც ერთ დეპუტატს უფლება არ მაქვს ამ დარბაზში ვიყო და პროტესტის ნიშნად ამ სხდომას ვტოვებ. მოგიწოდებთ, რომ ეს საკითხები არ განიხილოთ ამ სხდომაზე, ვინაიდან ქალაქისთვის ეს იქნება ძალიან პრობლემური საკითხი", – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მე საკრებულოს სხდომათა დარბაზში შევალ 21 ოქტომბრის შემდეგ და ვაჩვენებ, თუ როგორ უნდა მიწების გადაცემა, - ამის შესახებ კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა თბილისის საკრებულოში მიმდინარე პროცესებზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, საკრებულოში ხდება უკანონობა, როდესაც საკრებულოს დეპუტატები ცდილობენ საჩუქრის სახით გადასცენ ბიძინა ივანიშვილს ქონება.

დაპირისპირებას უკვე გამოეხმაურა თბილისის მერი. დავით ნარმანია ოპოზიციის წევრებს მოუწოდებს, საკრებულოს წარმომადგენლებს მუშაობის საშუალება მისცენ, - ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, ოპოზიციის მხირდან პირადად მან ვერ მოისმინა საკითხზე რაიმე სახის კონკრეტული არგუმენტი, ამიტომ, მერის თქმით, საჭიროა, რომ საკრებულოს ოპოზიციამ მუშაობის საშუალება მისცეს.

"ოპოზიცია ძალიან არასასურველად იქცევა. მესმის, რომ წინასაარჩევნო კამპანიაა და გარკვეული ხმები სჭირდებათ, თუმცა არ მგონია, რომ მათ ხმებს თუნდაც დამატებით ერთი ხმა მაინც მიემატოს. სამწუხაროდ, მე ვერ მოვისმინე რაიმე სახის კონკრეტული არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა გაკეთდეს ქალაქში მიწისქვეშა მრავალსართულიანი სადგომი. მათ მოვუწოდებ, რომ შეეშვან ასეთ ქმედებებს და საკრებულოს მისცენ საშუალება სხდომის ჩატარების", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

myquiz