ხმაური პარლამენტში - რამ გამოიწვია სხდომის შეფერხება საკანონმდებლო ორგანოში? | Allnews.Ge

ხმაური პარლამენტში - რამ გამოიწვია სხდომის შეფერხება საკანონმდებლო ორგანოში?

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დატოვებას ხმაური მოჰყვა. ამის გამო, სხდომის თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა 5-წუთიანი შესვენებაც გამოაცხადა.

თავდაპირველად, სხდომის დატოვების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, დარბაზში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია უმრავლესობის წევრებს მიმართავდა, რის გამოც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ მელია დარბაზში იწვევს ხმაურს და ჯერ თავად მას მოუწოდა დარბაზის დატოვებისკენ, შემდეგ კი მანდატურებს მიმართა, რომ მელია დარბაზიდან გაეყვანათ.

ამის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი თინა ბოკუჩავა ტრიბუნასთან მდგარ პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან ავიდა და საკუთარი უკმაყოფილება დააფიქსირა. ამის შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა სხდომის 5-წუთით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ოპოზიცია სხდომათა დარბაზიდან გაიქცა - ისინი მართლა გაიქცნენ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი კოლეგების მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვებას.

"ბოიკოტი პოლიტიკური პროტესტის გამოხატვის მიღებული ფორმაა. ამ შემთხვევაში ეს არ არის ბოიკოტი. ეს ნამდვილად არის დარბაზიდან გაქცევა. ჩვენ ამას ამ პროცესის განმავლობაში ვხედავთ არა პირველად, არამედ ეს არის მესამე შემთხვევა. ეს ყველაფერი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიით დაიწყო, როდესაც ოპოზიცია გაიქცა დარბაზიდან მაშინ, როცა კანონპროექტი პროპორციული სისტემის ამოქმედებას 2020 წლიდან ითვალისწინებდა. დღეს ამბობენ, რომ ეს იყო კონსენსუსის მიღწევის მთავარი ქვაკუთხედი. თქვენ შეგიძლით განსაჯოთ ეს იყო ბოიკოტი, თუ ეს იყო გაქცევა. მეორედ ეს მოხდა აგვისტოში, როცა ჩვენ ოპოზიციას ელემენტარული რამ ვთხოვეთ - ჩამოეწერათ საკითხები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერდნენ. ასეთი საკითხების ჩამონათვალი ჩვენ ოპოზიციამ არ წარმოგვიდგინა. ეს იყო დიალოგის მაგიდიდან გაქცევა. მესამე - დღეს ვხედავთ, რომ ოპოზიცია პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაიქცა. ამას აქვს მიზეზი - როცა ოპოზიცია სვამს კითხვებს, ეშინიათ პასუხის მოსმენა, დისკუსიაში შემოსვლა. მათ დიალოგში შემოსვლის არანაირი რესურსი არა აქვთ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის სხდომათა დარბაზი, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ”ევროპული საქართველოს” და ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დატოვეს.

myquiz