გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე | Allnews.Ge

გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ 2017 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა.

"გამოწვევებით, მიმდინარე და გაყინული კონფლიქტებით, სახელმწიფოთა და სხვათა მხრიდან აგრესიით აღსავსე დღევანდელ მსოფლიოში არც საქართველოა გამონაკლისი. და აქაც ჩვენი პოლიტიკის ცენტრში ჩვენი მოქალაქეები დავაყენეთ. გაეროს წევრებმა კარგად იციან, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, რითაც არღვევს არაერთ საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც მას აკისრია, მათ შორის, უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალური ასამბლეის ათობით რეზოლუციას.

2017 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა. მან გააფორმა ე.წ. "შეთანხმებები ინტეგრაციის შესახებ" და ხელი მოაწერა "ხელშეკრულებებს" დე-ფაქტო ხელისუფლებებთან, რათა რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა სისტემებმა შთანთქან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. მოსკოვმა გაააქტიურა საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონის მილიტარიზაცია.

რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა საოკუპაციო ხაზების განმტკიცება მავთულხლართების, სანგრების, ე.წ. სასაზღვრო ნიშნულებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების მეშვეობით. მავთულხლართები კი ზოგიერთის კარ-მიდამოს უბრალოდ შუაზე ჰყოფს.

დაუცველი ჯგუფები, რომლებიც აქამდე, მაგალითად, სამედიცინო დახმარების მისაღებად, ან ბავშვები, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულ მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მისაღებად გადმოდიოდნენ მეორე მხარეს, დღეს ამას ვეღარ ახერხებენ, რადგან ე.წ. გადამკვეთი პუნქტები დაიხურა. ამასობაში კი, რუსეთი აგრძელებს მოძრაობაზე რეაგირებისა და სხვა სახის ტექნოლოგიების გამოყენებას, რათა მოიპოვოს სრული კონტროლი მთლიანად საოკუპაციო ხაზების გაყოლებაზე.

საქართველო მტკიცედ ემხრობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. საქართველოს მთავრობა ზედმიწევნით ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამდგომლობით ხელმოწერილი შეთანხმების პირობებს. მან არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების შესახებ დებულების ერთგულება. რუსეთისგან საპასუხო მოქმედებას ადგილი ჯერ არ ჰქონია.

საქართველოს მუდმივი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების მოძიებისკენ, დამოწმებულია არაერთი ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საჭიროა დაჩქარდეს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება, და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან მადლობა გადაუხადა გაეროს ყოველწლიურად საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მიღების გამოც.

"ყოველ წელს გაეროს გენერალური ასამბლეა იღებს რეზოლუციას, სადაც კიდევ ერთხელ აცხადებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებული რეგიონებიდან ლტოლვილთა უფლებას, დაბრუნდნენ შინ. საქართველო მადლობას მოახსენებს გაეროს ამ მხარდაჭერისთვის, მაგრამ ყოველივე ეს ჯერ ვერ იქცა რეალობად ასობით ათასი ჩემი თანამემამულისთვის, რომლებიც მოუთმენლად ელიან შინ დაბრუნებას და მაინც ვერ ბრუნდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ გაეროს მხოლოდ ერთი წევრი სახელმწიფო უარს ამბობს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე.

საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან ნდობის აღდგენის ახალ ინსტრუმენტებს. ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, მივაწოდოთ საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ყველა სარგებელი საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს. ჩვენი ინიციატივების არსებითი პაკეტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის იძლევა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გადაკვეთით სავაჭრო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს გლობალურ ბაზრებზე საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვთავაზობთ მათ ჯანდაცვას, განათლებას და სხვა სოციალურ სარგებელს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, 25 წლის განმავლობაში, რაც საქართველო გაეროს შეუერთდა, ქვეყანა წარმატებით გარდაიქმნა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან წამყვან რეფორმატორად.

"ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი თანამემამულეებისთვის, საამაყოა, რომ დღეს თქვენ წინაშე გამოსვლის პატივი მერგო. გზავნილი, რომლის გაჟღერებაც დღეს მე მომანდეს, მათ პირადად აქვთ განცდილი და შესისხლხორცებული.

ეს გზავნილი, მათი გზავნილი მარტივი და გულწრფელია. ჩვენი სტრატეგიის ცენტრში საქართველოს მოქალაქეა და ამით ჩვენ ვცდილობთ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ გაძლიერებას და მშვიდობისა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას. ესენია მდგრადი განვითარების არსებითი ელემენტები, რომლებიც გვაკავშირებს ჩვენს პარტნიორებთან რეგიონსა და მთელ მსოფლიოში.

წელს აღინიშნება გაეროში საქართველოს გაწევრიანების 25-ე წლისთავი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ წარმატებით გარდავქმენით ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან წამყვან რეფორმატორად, რომელიც ახლახან აირჩიეს ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარედ.

ამ მოვალეობის შესრულებას საქართველო იწყებს იმავე ხედვით, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ შინ - ყურადღების ცენტრში ყოველთვის მოქალაქეები არიან.

საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ღია მმართველობის პარტნიორობა შეუწყობს ხელს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. ეს განსაკუთრებით ეხება მე-16 მიზანს, ეს არის მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა.

ეროვნულ სტრატეგიებად მათი გარდაქმნის გზით მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისას იკვეთება თავად გაეროს ინსტიტუციური რეფორმის აუცილებლობა და გენერალური მდივნის, გუტიერეშის ახალი ხედვის მხარდაჭერის საჭიროება, რომელიც ასახულია ჩვენ მიერ ახლახან ხელმოწერილ დეკლარაციაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ერთი მხრივ, საქართველო ახორციელებს ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე და, მეორე მხრივ, იზიდავს აზიის ბაზრებს. მისივე განმარტებით, ეს აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, სრულად გამოიყენოს თავისი თავისუფალი ვაჭრობის ქსელები ჩვენი დროის ამ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წამოწყებაში.

"საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით) და მიაღწია ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციას. იმავდროულად, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ერთი მხრივ, ჩვენ ვახორციელებთ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე და, მეორე მხრივ, ვიზიდავთ აზიის ბაზრებს, რაც აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, სრულად გამოიყენოს თავისი თავისუფალი ვაჭრობის ქსელები ჩვენი დროის ამ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წამოწყებაში.

ჩვენ წვლილი შეგვაქვს ინიციატივაში "ერთი სარტყელი - ერთი გზა", რომელიც ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის მაღალი ღირებულების პროდუქციითა და მომსახურებით ვაჭრობაში და მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაზიდვებისათვის საჭირო დროს ევრაზიის პერიფერიის შემოვლით, ტრადიციულ საზღვაო მარშრუტებთან შედარებით.

ამ დიდი წამოწყების ფარგლებში, აზია და ევროპა შეხვდებიან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მეშვეობით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ თურქ და აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად, ასევე საქართველოს შავი ზღვისპირეთში, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად აშენებული ანაკლიის პორტის მეშვეობით. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს შეეძლება ყველაზე დიდი ტევადობის გემების მიღება, რაც ბევრად გაზრდის საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს. ამ პორტს ააშენებს პროექტის რამდენიმე საერთაშორისო მონაწილე და მისი ოპერატორი იქნება ცნობილი ამერიკული კომპანია.

დღეს მიწისზედა ტრანსპორტით აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში ჩამოსვლა შესაძლებელია 10-ზე ნაკლები დღის განმავლობაში, ხოლო ჩვენგან ევროპის ნებისმიერ პორტში ხუთ დღეში ჩახვალთ. ჩვენ ვაშენებთ ყველაზე ეფექტიან მულტიმოდალურ სატრანზიტო ინფრასტრუქტურას და ეს ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს შესაბამის კავშირებსა და პროცესებს, აგრეთვე განამტკიცებს ურთიერთობებს სახელმწიფოებსა და მოქალაქეებს შორის ევროპიდან აზიამდე. ეს არის ურყევი და არსებითი კავშირი საქართველოს მოქალაქეებისათვის ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფასა და რეგიონში კეთილდღეობისა და მშვიდობის განმტკიცებას შორის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

myquiz