რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე? | Allnews.Ge

რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე?

დღეს შედგა კონსენსუსი 20 პოლიტიკურ პარტიას შორის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციის პროექტში შესატანი ცვლილებების ნუსხა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტი მადლობას უხდის პოლიტიკურ პარტიების ინტენსიური მუშაობისთვის.

"დღეს შედგა კონსენსუსი 20 პოლიტიკურ პარტიას შორის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციის პროექტში შესატანი ცვლილებების ნუსხა. მე მინდა მადლობა ვუთხრა ამ პოლიტიკურ პარტიებს ინტენსიური მუშაობისთვის და იმ სულისკვეთებისთვის, რომლითაც განხორციელდა ეს სამუშაო. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გაიაზრა ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი აუცილებლობა - იმისთვის, რომ ჩვენ მივიდეთ თანხმობამდე, ყველამ რაღაც უნდა დავთმოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა ის საკითხებიც ჩამოთვალა, რაზეც მასსა და 20 პოლიტიკურ პარტიას შორის შეთანხმება შედგა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეთანხმება შედგა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საარჩევნო სისტემა, პრეზიდენტის არჩევის წესი, სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხი, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება, უსაფრთხოება და უშიშროების საბჭო.

"ჩვენ დავიწყეთ მუშაობა "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებულ კონსიტიტუციურ პროექტზე და ვთქვით, რომ ამ პროექტში შევიტანთ მხოლოდ იმ ცვლილებებს, რასაც ყველა პოლიტიკური პარტია უჭერს მხარს. მე მინდა გაგახსენოთ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები განსხვავდებიან თავისი შეხედულებებით ბევრ საკითხზე, ეს პროცესი მიმდინარეობს გამალებული საარჩევნო პროცესის დროს, თუმცა, შედგა კონსენსუსი ძირითად თემებზე. ამ ძირითადი თემებიდან დავიწყებ საუბარს იმ საკითხზე, რომელზეც დიდი ხანია ინფორმირებულია საზოგადოება - ეს არის საარჩევნო სისტემა, პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევის წესი. ჩვენ ასევე შევთანხმდით სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხებზე, ჩვენ ასევე შევთანხმდით პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაზე, ჩვენ შევთანხმდით უსაფრთხოების საკითხებზე და უშიშროების საბჭოს თემაზე. ამ საკითხების ირგვლივ მოხდა სრული შეთანხმდება," - განაცხადა პრეზიდენტმა.

myquiz