სკოლის მოსწავლეების ფოტოები "ქართული ოცნების" დროშებით ხელში - აგიტაცია თუ შეცდომა? | Allnews.Ge

სკოლის მოსწავლეების ფოტოები "ქართული ოცნების" დროშებით ხელში - აგიტაცია თუ შეცდომა?

შუახევის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა მარინე დარჩიძემ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც პირველი კლასის მოსწავლეებს ხელში "ქართული ოცნების" დროშები უჭირავთ.

"მე აგიტაცია და მსგავსი არაფერი გამიკეთებია. ეს იყო მექანიკური შეცდომა", - განაცხადა მოგვიანებით სოფელ სხეფის საჯარო სკოლის პედაგოგმა მარინა დარჩიძემ.

მისი თქმით, სკოლაში დროშები ბავშვებმა მიიტანეს და ფოტოს გადაღებაც თავად მოსწავლეებმა ითხოვეს. მანანა დარჩიძის თქმით, სკოლაში "ქართული ოცნების" აგიტაცია არ უწარმოებია.

"აკრძალვის შესახებ ვიცოდი, მაგრამ მიზანმიმართულად არ გამიკეთებია. ყველაფერი დაუკვირვებლად გამომივიდა. იმ წუთს არ ვიცი რაზე ვფიქრობდი. დროშები ბავშვებს ხელში ჰქონდათ და მთხოვდნენ ფოტოს გადაღებას. ფოტო წუხელ ავტვირთე. მე აგიტაცია და მსგავსი არაფერი გამიკეთებია. ეს იყო მექანიკური შეცდომა. მომხდარის გამო, დირექციისგან საყვედური მივიღე. ჩემს მიმართ დისციპლინური კომისია მუშაობს. არ ვიცი, უბრალოდ დროშების გამო უნდა გამათავისუფლონ?",- აცხადებს მარინა დარჩიძე.

"ევროპული საქართველო" შუახევის საჯარო სკოლაში გადაღებულ ფოტოებს, რომელზეც მოსწავლეები "ქართული ოცნების" დროშებით არიან გამოსახული, "შემაშფოთებელს" უწოდებს.

როგორც პარტიის წევრი სერგო რატიანი აცხადებს, აღნიშნულით უხეშად დაირღვა ზოგადი განათლების შესახებ კანონი.

"მხედველობაში მაქვს, პირველკლასელთა ფოტოები, სადაც მოსწავლეებს უჭირავთ "ქართული ოცნების" დროშები. შეგახსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთმნიშვნელოვნადაა ხაზგასმული საგანმანათლებლო სისტემის ნეიტრალურობა და მკაცრად განსაზღვრულია, რომ დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზებ", - განაცხადა რატიანმა.

მომხდარი დაგმო არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმაც". "სამართლიანი არჩევნების" აჭარა, გურია, ფოთის- რეგიონულ კოორდინატორმა მადონა ბერიძე განაცხადა, რომ სკოლაში სააგიტაციო მასალის გამოფენა პოლიტიკური აქტივობის გამოვლენას წარმოადგენს. მისი თქმით, მომხდარი ფაქტი, არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდება. 

რაც შეეხება განათლების მინისტრის გამოხმაურებას, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სამინისტროს მიერ ამ საკითხზე მოკვლევა დაწყებულია და მისი შედეგები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი.

"ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ან უხეშ დარღვევასთან ან გამიზნულ მოქმედებასთან. ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა გუშინწინ, როდესაც ეს ინფორმაცია მივიღეთ. ძალიან პრინციპული საკითხია და სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი ან თუნდაც წესებიდან გადაცდომა. საინტერესო ის არის, რომ მიგვითითებს და რჩევებს გვაძლევს "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც სკოლის პოლიტიზების პრაქტიკა შექმნა. მათ ამ თემაზე სალაპარაკო ნამდვილად არ აქვთ. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ ის არის, რომ სკოლები სრულად თავისუფალია პოლიტიკური პროცესისგან და მომავალშიც ასე იქნება", - განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრი შუახევის სკოლის მასწავლებლის და დირექციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს გაფრთხილება, საყვედური და უკიდურეს შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლება.

myquiz