რას საქმიანობდა ოთარ აბესაძე მანამ, ვიდრე მას დააკავებდნენ? | Allnews.Ge

რას საქმიანობდა ოთარ აბესაძე მანამ, ვიდრე მას დააკავებდნენ?

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის ყოფილ თანამშრომელ ოთარ აბესაძესთან ფსიქოლოგები მუშაობენ. აბესაძეს გამოძიება მას ქრთამის სახით 3 000 აშშ დოლარის აღებას ედავება. ბრალი ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ვინ არის და რას საქმიანობდა აბესაძე, რომლის სახელიც საზოგადოებისთვის ცნობილი მისი დაკავების შემდეგ გახდა?

ოთარ აბესაძესთან ფსიქოლოგები მუშაობენ

ოთარ აბესაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

როგორც AMBEBI.GE წერს, 28 წლის აბესაძე პოლიტიკაში ადრეულ ასაკში ჩაერთო. როგორც თვითონ ხშირად ამბობს, სააკაშვილის ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგე იყო, მონაწილეობდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში, 26 მაისის აქციის დარბევის დროს დაზარალდა კიდეც. იყო კოალიცია "ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რის შემდეგაც, პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო მისი თანამდებობრივი წინსვლა. "ოცნებასთან" დამეგობრების ამბავს "თაიმერთან" ინტერვიუში აბესაძე ასე იხსენებს:

"პარლამენტის უკანა სკვერთან, ველოსიპედით ვსეირნობდი, სადაც აბსოლუტურად შემთხვევით გიორგი მარგველაშვილი გავიცანი, რომელიც ძაღლს ასეირნებდა… აზრები გავცვალეთ, ვილაპარაკეთ, "ოცნებაში" ჩამრთო, არჩევნები მოვიგეთ და განათლების მინისტრი რომ გახდა, გიორგიმ თავის მრჩევლად დამნიშნა. ერთი წელი გიორგის მრჩევლად ვიმუშავე, მერე, საპრეზიდენტო არჩევნებისას, მისი ერთ-ერთი შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი, თუმცა ჩემი და გიორგის პოლიტიკური ვალდებულებები 27 ოქტომბერს, ანუ მისი გამარჯვების დღეს დამთავრდა... განათლების სისტემა ჩემი ოჯახია, ბევრი პროექტი დავიწყე და ვთხოვე, აქ დავრჩები, რადგან მირჩევნია, ის საქმე ვაკეთო, რაც ვიცი და კარგად გამომდის-მეთქი. გიორგისაც კარგად ვიცნობ და მის ოჯახსაც, მაგრამ სამი წელია, საქმიანი კვეთა აღარ მქონია, თუმცა, ერთმანეთს ყოველთვის თბილად და მეგობრულად ვხვდებით" - ამბობს "თაიმერთან" ინტერვიუში აბესაძე.

"ქართული ოცნების" ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, პარტიის წევრი და აქტიური მხარდამჭერი აბესაძე წლების მანძილზე განათლების და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი იყო, ზუსტად ერთი წლის წინ კი თითქმის 4-წლიანი მუშაობის შემდეგ განათლების სამინისტრო დატოვა და თბილისის მერიაში დაიწყო მუშაობა, სადაც იმ დრომდე მუშაობდა, სანამ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავებდნენ.

ოთო აბესაძე ძალიან აქტიური იყო სოციალურ ქსელში, ხშირად წერდა პოლიტიკურად და საზოგადოებრივად ცხელ თემებზე, "ქართული ოცნების" საქმიანობას დადებითად აფასებდა, ოპონენტებს კი მკვეთრად ნეგატიურ კონტექტში მოიხსენიებდა პოსტებში.

ერთ-ერთ პოსტში თავადვე დაწერა, რომ "ოცნების ბიჭს" ეძახიან, რაც შემდეგ ინტერვიუში ეს ასე განმარტა: "ეს "საგრიმიოროს შუტკაა". ბოლო დროს ტელევიზიებში სტუმრობა ხშირად მიწევს. ჰოდა, "მაესტროში" ვიყავი, საგრიმიოროში პროდიუსერმა შემოიხედა და ჩაილაპარაკა, უი, "ოცნების" ბიჭი მოსულაო და ასე შემრჩა "დრიმ ბოის" სახელი".

რაც შეეხება აბესაძის ბრალს, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან, დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

გამოძიების ინფორმაციით, გარდა ამისა, აბესაძემ ხსენებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო მის მიერ და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ. ამასთან, იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ მომხდარიყო მათი დაჯარიმება ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: AMBEBI.GE

myquiz