ოთარ აბესაძესთან ფსიქოლოგები მუშაობენ | Allnews.Ge

ოთარ აბესაძესთან ფსიქოლოგები მუშაობენ

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის ყოფილ თანამშრომელ ოთარ აბესაძესთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აბესაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა, ამჟამად აბესაძესთან მხოლოდ ციხის ფსიქოლოგები მუშაობენ, თუმცა გამორიცხული არაა საქმეში სხვა ფსიქოლოგიც ჩაერთოს, რომელსაც ოჯახი შეარჩევს. ადვოკატის ინფორმაციით, დაცვის მხარე ასევე გეგმავს, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით, შესაბამისი ექსპერტიზა ჩაატაროს.

"მიმაჩნია, რომ ფსიქოლოგების დახმარება პატიმარს ყოველთვის სჭირდება, მით უმეტეს, როცა ადამიანი თავისი მენტალობით, ასე ვთქვათ, კრიმინალი არ არის. ასეთი ადამიანისთვის ციხეში მოხვედრა საკმაოდ რთული მომენტია. ჩვენ ველაპარაკეთ ოთარ აბესაძის ოჯახის წევრებსაც და ვუთხარით, თუ აქვთ სურვილი ფსიქოლოგი შევუშვათ გარედან, რათა იმუშაოს მასთან. ოჯახმა ამაზე მზაობა გამოთქვა და ამასთან ერთად, ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ექსპერტიზას. ახლა მასთან ციხის ფსიქოლოგები მუშაობენ", - განაცხადა გელაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა 11 ივლისს ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს.

აღმკვეთ ღონისძიებად სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე , საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

myquiz