ისლანდია აღარ დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ | Allnews.Ge

ისლანდია აღარ დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ

დააბრუნებს ისლანდია აღარ დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ და ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში მათ სამშობლოში დააბრუნებს, - ამის შესახებ დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ განაცხადა, რომელმაც ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება განმარტა.

ელჩის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 ივლისს გამოქვეყნდა ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შესახებ.

მისივე შეფასებით, ისლანდიის მხრიდან მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ დადებით გარემოს, პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

ელჩის განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ისლანდიური მხარე აღარ დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ და ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში, რამდენიმე დღეში დააბრუნებს მათ სამშობლოში. მისივე თქმით, ამავე დროს, მათ დაეკისრებათ ისლანდიის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სანქციები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვინაიდან ისლანდიის რესპუბლიკა წარმოადგენს შენგენის ასოცირებულ ქვეყანას, ინფორმაცია დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ დაუყოვნებლივ აისახება შენგენის ერთიან საინფორმაციო სისტემაში და დეპორტირებული პირები დაექვემდებარებიან სანქციებს, რაც მათ შორის გულისხმობს მნიშვნელოვან ფულად ჯარიმას და შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვას 5 წლამდე ვადით.

myquiz