სავალდებულო ტექდათვალიერება, ელექტრომობილები, ცენტრალური პარკი - რას ჰპირდება კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას | Allnews.Ge

სავალდებულო ტექდათვალიერება, ელექტრომობილები, ცენტრალური პარკი - რას ჰპირდება კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისს ეკოლოგიური განვითარების ერთიანი ხედვა და შესაბამისი სტრატეგია უნდა ჰქონდეს. მერობის კანდიდატმა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ყველაზე მეტად გარემოს, მისი აზრით, ტრანსპორტი და მშენებლობები აბინძურებს.

"მინდა, შევეხო თბილისისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს და რომლის მოგვარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება - ეს არის ეკოლოგია. არაფერი ღირს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ფასად. ყველამ უნდა ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი და ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში. დღეს გარემოს ყველაზე მეტად რაც აბინძურებს, მგონია, რომ არის ტრანსპორტი და მშენელობები. ასევე, მნიშვნელოვანია პარკების, რეკრეაციული ზონების არსებობა-განვითარება, ნარჩენების მართვის საკითხიც გვაქვს მოსაგვარებელი. სიცოცხლით სავსე ქალაქს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქალაქის ეკოლოგიური განვითარების ერთიანი ხედვა", - აცხადებს კახა კალაძე.

თბილისის მერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება, განახლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განვითარდეს საბაგირო ხაზები, მოხდეს ელექტრომობილების პოპულარიზაცია.

"პირველი, რაც მნიშვნელოვანი და გასაკეთებელია, მე ვფიქრობ, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული, არამედ, პოპულარული. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მოგვიწევს დიდი რაოდენობით ავტობუსების შესყიდვა, ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მათი წარმოება და აწყობა მოხდეს საქართველოში. აუცილებლად მოხდება მეტროს მოდერნიზაცია. ხელს შევუწყობთ საბაგირო ხაზების განვითარებასა და ელექტრომობილების პოპულარიზაციას. უნდა ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება,რაც მგონია, რომ კიდევ დაგვეხმარება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში", -აცხადებს მერობის კანდიდატი.

კახა კალაძე დედაქალაქში სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებაზეც საუბრობს. მისი თქმით, მოხდება თბილისის ეკოლოგიისთვის უსაფრთხო სამუშაოების წარმოება ქალაქის ნებისმიერ წერტილში.

როგორც "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში განმარტა, შემუშავდება პარკებისა და სკვერების განვითარების ერთიანი ხედვა.

"მხოლოდ ერთი ცენტრალური პარკის შექმნა არ არის საკმარისი თბილისისთვის, მისი განლაგებიდან და პერსპექტივაში ურბანული განვითარების გეგმიდან გამომდინარე. თბილისში გვაქვს დაახლოებით 1400-მდე სკვერი და პარკი, რომელსაც სისტემატური ზრუნვა და განახლება სჭირდება. თითოეულ მათგანში შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც დროის გატარება იქნება ყველასთვის სასიამოვნო. ასევე, მნიშვნელოვანია, თბილისში არსებული რეკრეაციული პოტენციალის მქონე სივრცეების ათვისება. მტკვრის მიდამოებში ჩვენ გვაქვს უამრავი აუთვისებელი ადგილი, სადაც არის შესაძლებლობა იმისა, რომ მოვაწყოთ დასვენების ზონები და გამწვანებული სივრცეები. თბილისში დავნერგავთ ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების თანამედროვე სისტემას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ეკოლოგიურ გარემოს. ყველაფერი ეს, რაზეც ვისაუბრე, მთლიანობაში, უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა სივრცის შექმნას, სადაც ჩვენი შვილები, მომავალი თობები გაიზრდებიან. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თბილისი ერთ-ერთი ყველაზე მწვანე და სიცოცხლით სავსე ქალაქი იქნება",- ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

myquiz