10.08.2017 / 10:15
შრიფტის ზომა:

აშშ რუსეთს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის პრეზიდენტის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელებულ ვიზიტს ეხმაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

"აშშ პრეზიდენტ პუტინის ვიზიტს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში მიიჩნევს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პრინციპების შეუსაბამოდ, რომლის მონაწილე რუსეთია", - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის საგარეო უწყებაში

ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ "აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში".

"აშშ არ სცნობს რუსთის მიერ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარებას. აშშ რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს თავისი ჯარები ომის წინანდელ პოზიციებამდე, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარება", - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.