ტრამპი მხარს უჭერს ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი - მაიკ პენსი | Allnews.Ge

ტრამპი მხარს უჭერს ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი - მაიკ პენსი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ხელყონ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაიკ პენსმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

"საქართველო გახლავთ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი. ათწლეულებია, რაც საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები ამერიკელ სამხედროებთან ერთად იბრძვიან. ავღანეთში 31-მა ქართველმა მოქალაქემ სიცოცხლე შესწირა. მათი ხსოვნა მუდმივად ამერიკელების გულში დარჩება და ამერიკელები ქართველებთან ერთად გლოვობენ მათ დაუპვას. დღეს მიმდინარეობს გლობალური წვრთნა. სადაც მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, რაც საქართველოს აძლევს საშუალებას, გაამყაროს თავისი თავდაცვისუნარიანობა. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი ამერიკის დახმარებისა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტიცებაში. პრეზიდენტი ტრამპი და მე მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი", - განაცხადა მაიკ პენსიმ.

მისივე თქმით, ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველო მშპ-ის 2%-ს ხარჯავს თავდაცვის სფეროზე და ამით ნატო-ს ზოგიერთ წევრს ასწრებს, "თუმცა ეს მძიმე რეალობით არის გამოწვეული".

"სულ 40 კილომეტრის დაშორებით რუსული ტანკები გახლავთ განლაგებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. მე ხაზს ვუსვამ, რომ აშშ მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. აშშ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ხელყონ. ჩვენი ვალდებულებების თვალსაზრისით და პოზიციის გაჟღერებისთვის პრეზიდენტმა ტრამპა ხელი მოაწერა და მალე საკანონმდებლო სახე მიეცემა სანქციებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა ჩვენ გვსურს სანქციების გაუქმება. გვსურს რუსეთთან ურთიერთობები, მაგრამ ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი გააუქმებს თავის დესტრუქციულ ქმედებებს. ჩვენ უკეთესი ურთიერთობა გვსურს რუსეთთან, მაგრამ მათი მხრიდან გადადგმული ბოლო დიპლომატიური ნაბიჯები, სამწუხაროდ საწინააღმდეგოზე მეტყველებს. ჩვენ გავაგრძელებთ და გავაღრმავებთ საქართველოსთან ურთიერთობას, რათა საქართველომ შეძლოს და გადაიტანოს რუსული აგრესიის შედეგები", - აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.

myquiz