ოთარ კახიძე იარაღის ტარებაზე - ვაღიარებ, რომ შეცდომა მომივიდა | Allnews.Ge

ოთარ კახიძე იარაღის ტარებაზე - ვაღიარებ, რომ შეცდომა მომივიდა

ვაღიარებ, რომ ეს შეცდომა მომივიდა, უბრალოდ იმ მიზეზით, რომ ვერ მოვახერხე მანქანის გაჩერება შემთხვევის ადგილზე და იარაღის დატოვება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთო კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იარაღის ტარების უფლება კანონით აქვს, ხოლო იარაღს უსაფრთხოების გამო ატარებს. აღნიშნულ კონტექსტში საუბრისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ მიმდინარე აქციაზე უსაფრთხოების ზომები არ იყო სათანადოდ დაცული და არ იყო გამორიცხული, მასზე რაიმე თავდასხმა მომხდარიყო. კახიძის განცხადებითვე, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოები ჯერჯერობით არ დაინტერესებულან.

"იარაღს ვფლობ ლეგალურად და მისი ტარების უფლება მაქვს კანონით, როგორც დეპუტატს. ამ აქციაზე ვაპირებდი იარაღის დატოვებას, მაგრამ მოშორებით მომიწია მანქანის დატოვება, არ იყო იქ შესაბამისი უსაფრთხოების ზომები. უნდა დამეტოვებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე იარაღის დატოვება. ვაღიარებ, რომ ეს შეცდომა მომივიდა, უბრალოდ იმ მიზეზით, რომ ვერ მოვახერხე მანქანის გაჩერება შემთხვევის ადგილზე და იარაღის დატოვება. არსებობდა გარკვეული საფრთხე, რადგან შესაბამისი მიზნით იყვნენ იქ ადამიანები მოსულნი და ჩემზე თავდასხმაც არ იყო გამორიცხული. ამიტომ მივედი იარაღით, თუმცა, ჯობდა დამეტოვებინა. საგამოძიებო ორგანო აღნიშნულით არ დაინტერესებულა", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

"პალიტრავიდეომ" გუშინ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ "ევროპული საქართველოს" მიერ აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე, პარლამენტის წევრი ოთო კახიძე იარაღით გადაადგილდება. შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი.

"საიას" იურისტი გიორგი გოცირიძე ადასტურებს კანონში არსებულ ჩანაწერს და ამბობს, რომ კანონი გამონაკლისს არ უშვებს იმ პირებისთვისაც კი, რომლებსაც კანონით აქვთ იარაღის ტარების უფლება.

"ეს არის შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტი და აქ პირდაპირ წერია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეს ეკრძალება იქონიოს ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილადაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი, ეს არის კონკრეტული მოთხოვნა.

აქ მნიშვნელობა არ აქვს პირს, აქვს თუ არა იარაღის ტარების უფლება, ასეთ გამონაკლისს კანონი არ ითვალისწინებს", - განმარტა გიორგი გოცირიძემ.

myquiz