თბილისის მერია "ქართველთა მარშის" წარმომადგენლებისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს | Allnews.Ge

თბილისის მერია "ქართველთა მარშის" წარმომადგენლებისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს

თბილისის მერია იმ წერილს აქვეყნებს, რომლითაც მიზანშეწონილად მიიჩნევს "ქართველთა მარშის" წარმომადგენლებმა აღმაშენებლის გამზირის ნაცვლად 23 ივლისს აქცია სხვა ადგილას ჩაატარონ.

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მიერ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ 23 ივლისს, თბილისში, რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქციის ჩატარების მოთხოვნით 17 ივლისს "ევროპულმა საქართველომ" უკვე მიმართა, ხოლო მეორე აქციის წარმომადგენლებმა კი, 21 ივლისს მიმართეს. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 21 ივლისს შეტანილი განცხადების ავტორთა მიერ დაგეგმილი აქცია ჩატარდეს სხვა ლოკაციაზე ან სხვა დროს.

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-10 მუხლს, რომლის შესაბამისად საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, გაფრთხილების მიღებიდან სამი დღის განმავლობაში, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირების თანდასწრებით განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით გადასცეს მათ რეკომენდაცია ამის შესახებ, თუ სხვა აქციის (რომელზედაც გაფრთხილება უფრო ადრე იქნა შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში) ჩატარება დაგეგმილია იმავე ადგილზე და იმავე დროს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მიმდინარე წლის 23 ივლისს დაგეგმილი აქციების მიმდინარეობისას შესაძლებელია შეიქმნას კონფლიქტის ექსკალაცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით თქვენს მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია ჩატარდეს სხვა ლოკაციაზე ან სხვა თარიღში", - ნათქვამია მერიის ადმინისტრაციის უფროსის წერილში.

"ქართველთა მარშის"ერთ-ერთი ორგანიზატორის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, გია კორკოტაშვილს მერიის ადმინისტრაციის უფროსმა დაურეკა და უთხრა, რომ თბილისის მერიამ გააუქმა 23 ივლისს დაგეგმილი აქციის სანქცია.

"ჩვენ აუცილებლად გავმართავთ ამ აქციას და ხელისუფლება აუცილებლად მოაწყობს 7 ნოემბერს.

აუცილებლად დაგვარბევენ, აუცილებლად დაგვაპატიმრებენ. ჩვენ მზად ვართ დაგვაპატიმრონ და დაგვარბიონ, რადგან ჩვენ ნაცჯალათებს არ გავატარებთ აღმაშენებლის გამზირზე", - განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველო" დღეს აქცია-მსვლელობას, მოწოდებით - "არა რუსულ ფაშიზმს" 20.00 საათზე გამართავს.

myquiz