საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ყარაფილასთან თხრილი გაავლეს | Allnews.Ge

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ყარაფილასთან თხრილი გაავლეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სიახლოვეს, სოფელ ყარაფილასთან გამოჩნდნენ და ე.წ. საზღვართან კიდევ ერთი თხრილი გაავლეს.

როგორ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, თხრილის გასავლებად სპეციალური ტექნიკა ყარაფილას სიახლოვეს ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ორჭოსანიდან შემოვიდა. ოკუპირებული ტერიტორიის აღნიშნულ მონაკვეთზე, ყარაფილასთან მავთულხლართები გავლებული არ არის.

მოსახლეობა შიშობს, რომ შესაძლოა, ტექნიკის დღევანდელი გამოჩენა იმის წინაპირობა იყოს, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ყარაფილას განაპირას არსებული 7 ჰექტარი მიწის ფართობის მითვისება სცადოს.

"ანალოგიური ხნული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შარშანაც გაავლეს. ვფიქრობდით, რომ შემდგომ ე.წ. სასაზღვრო ბარიერების მონტაჟსაც დაიწყებდნენ, თუმცა დღემდე აღარ გამოჩენილან. ახლა კი, ტრაქტორით გავლებული კვალი დააფიქსირეს. ჯერჯერობით ამ ტერიტორიაზე მდებარე დაახლოებით 7 ჰექტარ ფართობს ჩვენი მოსახლეობა ამუშავებს. ეს მიწა კანონიერად ეკუთვნის ამ სოფელს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დე ფაქტო რეჟიმი ამ მიწის მითვისებას შეეცდება და საოკუპაციო ხაზს აქ დააფიქსირებს, საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალის კასპის მონაკვეთზე ოკუპანტების კონტროლირებადი ტერიტორია დაახლოებით 300 მეტრში აღმოჩნდება", - განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა გია გოჭოშვილმა.

myquiz