საფრანგეთში საქართველოდან თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა გაიზარდა | Allnews.Ge

საფრანგეთში საქართველოდან თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა გაიზარდა

სტატისტიკის თანახმად, არის თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობის ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონემ ჟურნალისტებს განუცხადა. თუმცა, ელჩის თქმით, შესაბამისი მაჩვენებელი ამ ეტაპზე საგანგაშო არ არის.

"მაგრამ, როდესაც თვითონ ზრდის მაჩვენებელს ვადარებთ 2016 წლის მონაცემებს, იგივე პერიოდში, კატასტროფულად არის გაზრდილი, თუმცა ჩვენ ფრანგ კოლეგებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ დავაკვირდეთ ამ პროცესს. შეიძლება ეს იყო მხოლოდ 2 თვის მაჩვენებელი, ორი თვის შემდეგ იკლოს ამ ციფრმა და უფრო გრძელ ვადაში მოხდეს ამ ციფრის შედარება, განხილვა და ანალიზი", - განაცხადა ეკა სირაძე-დელონემ.

რაც შეეხება ფრანგი მებაჟის მიერ ქვეყანაში შესვლაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უარის თქმის სტატისტიკას, ელჩის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი მცირეა.

"როდესაც მესაზღვრე უარს ამბობს, მას არ აქვს ვალდებულება დაასაბუთოს, კონკრეტულად, რატომ ამბობს უარს. შესაბამისად, მე მაქვს სტატისტიკა, თუმცა მიზეზები, თუ სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით იმაზე, რატომ ეთქვათ უარი კონკრეტულ პიროვნებებს ქვეყანაში შესვლაზე. ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ საფრანგეთის მიგრაციის სამსახურთან. მათთან მქონდა შეხვედრა და მაქვს ორი თვის სტატისტიკა - 2017 წლის აპრილისა და მაისის.

ეს სტატისტიკა შედარებულია შარშანდელ - 2016 წლის აპრილი-მაისის სტატისტიკასთან. შემიძლია გითხრათ, რომ საფრანგეთის საზღვრიდან გამობრუნებულია, ანუ არ მისცეს შესაძლებლობა 12 ადამიანს საზღვარი გადაეკვეთა. მაგრამ აქვე აღვნიშნავ, რომ საფრანგეთის საზღვარი არ არის პირველადი გადაკვეთის საზღვარი და მე მგონია, რომ სწორედ ამიტომაც არის ეს რაოდენობა ასეთი დაბალი", - განაცხადა სირაძე-დელონემ.

myquiz