პეტრო პოროშენკო - 2008 წელს საქართველოს უბედურება უკრაინის უბედურება გახდა | Allnews.Ge

პეტრო პოროშენკო - 2008 წელს საქართველოს უბედურება უკრაინის უბედურება გახდა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსა და პირველი ლედის, მარინა პოროშენკოს პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით სახელმწიფო სადილი გაიმართა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა სახელმწიფო სადილზე ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და უკრაინელ და ქართველ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება უსურვეს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის და ჩვენი ხალხებიც ერთმანეთთან მტკიცედ არიან დაკავშირებულნი საერთო ღირებულებებითა და ინტერესებით.

პრეზიდენტის თქმით, ჩვენი ქვეყნები ღირსეულად ამაყობენ მდიდარი ისტორიით, ტრადიციებითა და იმ დიდი კულტურით, რომელიც ჰუმანიზმისა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების მატარებელია.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა განათლების სფეროში აქტიურ თანამშრომლობას, რომელის საფუძველსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი უკრაინისტიკის ინსტიტუტი და უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალურ უნივერსიტეტში არსებული ქართველოლოგიის კათედრა წარმოადგენს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა ოფიციალურ ვახშამზე აღნიშნა, ისტორიულ და კულტურულ კავშირებთან ერთად, ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ინტერესები, ღირებულებები, თავისუფლების სიყვარული და თავგანწირვა ჩვენი და ჩვენი მეგობრების უკეთესი მომავლისათვის.

"გარდა ამისა, უკრაინა და საქართველო საერთო გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენი ქვეყნები კვლავაც იბრძვიან საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების დასაცავად. ჩვენ მივისწრაფვით საერთო მიზნისაკენ - ავაშენოთ თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოები და განვავითაროთ თანამშრომლობა, რომელიც ყველასათვის კეთილდღეობის მომტანია. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და ამ ბრძოლაში მტკიცედ ვდგავართ ერთმანეთის გვერდით.

მჯერა რომ, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ მშვიდობის უზრუნველყოფას და ჩვენს ქვეყნებში აღარ იარსებებს გამყოფი ხაზები და ოკუპირებული ტერიტორიები. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელსაც ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა სტრატეგიულ ხარისხში გადაჰყავს. ჩვენ საფუძველს ვუყრით თანამშრომლობის ახალ ეტაპს, რომელიც მრავალი სიკეთის მომტანი იქნება ჩვენი ხალხებისათვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა სტუმარს ჯანმრთელობა, სიმტკიცე და საპასუხისმგებლო საქმიანობაში შემდგომი წარმატებები, უკრაინელ ხალხს კი მშვიდობიანი მომავალი და კეთილდღეობა უსურვა.

უკრაინის პრეზიდენტის პეტო პოროშენკოს განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას საერთო მიზნები, საერთო ინტერესები და საერთო გამოწვევები აქვთ.

"2008 წელს საქართველოს უბედურება უკარაინის უბედურება გახდა. ამ რთულ დროს ჩვენ მუდმივად თქვენთან ერთად ვიყავით და უკვე 2014 წელს უკრაინაში დატრიალებული ტრაგედიისას მაშინვე ვიგრძენით ქართველი ხალხის მხარდაჭერა. რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა", - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

myquiz