ვერ დამისახელებთ ქვეყანას, რომელსაც პრობლემები აქვს რუსეთთან და მარტივად აგვარებს - ზურაბ აბაშიძე | Allnews.Ge

ვერ დამისახელებთ ქვეყანას, რომელსაც პრობლემები აქვს რუსეთთან და მარტივად აგვარებს - ზურაბ აბაშიძე

ვერ დამისახელებთ ქვეყანას, რომელსაც პრობლემები აქვს რუსეთთან და მარტივად აგვარებს, - ამის შესახებ პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს ამბასადორიალის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ოკუპაციის გამოწვევებს ეფექტური პოლიტიკა დაუპირისპიროს.

"რუსეთთან ურთიერთობა დღესდღეობით ყველა ქვეყანას უჭირს. ვერ დამისახელებთ ქვეყანას, რომელსაც პრობლემა აქვს რუსეთთან და მარტივად აგვარებს. ამიტომ, უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად და ფრთხილად, მაგრამ ამავე დროს პრინციპულად უნდა გავატაროთ ჩვენი პოლიტიკა და დავიცვათ ჩვენი პრინციპები.

ტურბულენტურ მსოფლიოში ვცხოვრობთ. მე იმ ასაკში ვარ, როდესაც "ცივი ომის" დროს რა ხდებოდა, ახსოვს ჩემი თაობის ხალხს. მაშინ ასეთი სარისკო ვითარება არ იყო მსოფლიოში, იყო რაღაც კრიტიკული მომენტები, მაგრამ რაღაც თამაშის წესები მაინც არსებობდა. დღევანდელ მსოფლიოში თითქმის მოშლილია, საერთაშორისო სამართალი, წესრიგი.

ნახეთ, რა ხდება ევროპაში, უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ კავკასია... ძალიან ტურბულენტურ სამყაროში ვცხოვრობთ, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, გავუფრთხილდეთ სტაბილურობას ქვეყანაში, რეგიონში. ეს არის ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და, რა თქმა უნდა, მოვაგვაროთ ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. ძალიან სახიფათო სამყაროში ვცხოვრობთ, სანამ ახალი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში, ვიქნებით ამ ტურბულენტურ ვითარებაში",- აღნიშნა აბაშიძემ.

myquiz