რას გააკეთებს ალეკო ელისაშვილი თუ თბილისის მერი გახდება | Allnews.Ge

რას გააკეთებს ალეკო ელისაშვილი თუ თბილისის მერი გახდება

თბილისის მერობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, შესაბამისდ, კანდიდატები საარჩევნო კამპანიას აქტიურად იწყებენ. მათ შორის, თბილისის მერად კენჭს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილიც იყრის.

ელისაშვილმა საზოგადოებას თავი ხელისუფლების აქტიური კრიტიკითა და ხმამაღალი განცხადებებით უკვე წლებია დაამახსოვრა, ახლა კი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას თბილისის მერის პოზიციაზე გეგმავს. მერობის კანდიდატმა ჩვენთან საუბარში განმარტა, თუ როგორ აპირებს თბილისში არსებული პრობლემების გადაჭრას და აღნიშნა, რომ ამისთვის შესაძლოა, მტკივნეული რეფორმების გატარებაც მოუწიოს.

გაქვთ თუ არა თბილისელების მხარდაჭერის იმედი?

- თბილისელების მხარდაჭერის იმედი რომ არ მქონდეს, ამ დავიდარაბაში თავს ნამდვილად არ გავყოფდი. ასე თუ ისე მგონია, რომ თბილისის მცხოვრებლები მხარს დამიჭერენ.

იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერი გახდებით, პირველს რას შეცვლით ქალაქში?

- თბილისის მერის თანამდებობას დავიკავებ თუ არა, თავდაპირველად, "სითი პარკის" აქედან გაგდების განკარგულებას მოვაწერ ხელს და პარკინგის მომწესრიგებელი კომპანიის შესარჩევად, ახალ ტენდერს გამოვაცხადებ. ქალაქში პარკინგის ინფრასტრუქტურის შექმნაზე ორიენტირებული კომპანია უნდა ოპერირებდეს და არა "სითი პარკი," რომელიც მარტო საღებავში ხარჯავს ფულს და ავტომობილის მოპარვასა და ჯარიმის გამოწერაზეა დაგეშილი. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა არა შეღებილი და დახატული ტროტუარები, არამედ მიწისქვეშა და მიწისზედა ადეკვატური სადგომებია და კომპანიას, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს, ამის შექმნის პირობა უნდა ჰქონდეს.

მერია ამ მიმართულებით არაფერს არ აკეთებს. დავით ნარმანიას მერობის განვლილი სამი წლის განმავლობაში, ბიუჯეტში ფულიც ჰქონდა და საშუალებაც, რომ პარკინგის ინფრასტრუქტურა შეექმნა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია.

ამას უნდა მონდომება და თავის მობმა, რაც ქართულ ოცნებას არ ახასიათებს.

რა პრობლემები აწუხებს თბილისს და როგორ აპირებთ მათ აღმოფხვრას?

- ეს ქალაქი ტანჯვის სივრციდან უნდა გავიდეს. დღეს თბილისში რომ შემოხვალ, სულ პრობლემები გხვდება, სადარბაზოდან დაწყებული, გადაადგილებით, საცობით, შხამიანი ჰაერით, ქაოტური მშენებლობებითა და პარკინგის მოუწესრიგებელი ადგილებით დამთავრებული. ჩემი მერობიდან მეორე დღეს, ყველაფერი რომ არ შეიცვლება, ამის ილუზია არც მე და არც დანარჩენ მოქალაქეებს არ გვაქვს, მაგრამ ნელ-ნელა, დიდი შრომით ჩვენ უნდა შემოვაბრუნოთ ყველაფერი, რომ ეს ქალაქი გახდეს სასიამოვნო, კომფორტული და ყველა თვალსაზრისით მოსახერხებელი, რათა გვქონდეს ჯანსაღი ჰაერი, ბევრი სიმწვანე, მოწესრიგებული, ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და ა.შ.

ამ ქალაქში არავის არ ქონდეს იმის შიში, რომ ცხვირწინ ამოუშენებენ კორპუსს.

ყველაფერი, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ხდება, უნდა შევაჩეროთ. ზუსტად ვიცი, ეს როგორ უნდა გავაკეთო, რადგან 10 წელია თბილისისთვის რაც ძალი და ღონე მაქვს, ვიბრძვი და მოხარშული ვარ მე ამ ქალაქის პრობლემებში.

გარდა ამისა, დაუსრულებელი მშენებლობები უსასრულოდ არ უნდა გაიყინოს. ყველაზე სიმბოლურია, რომ თბილსიის მერიის გარეშემო ვხედავთ ყველაზე მეტ დაუსრულებელ მშენებლობას. თბილისის მერიის პრობლემას სწორედ ეს წარმოადგენს, რომ გადაწყეტილებას ვერც ამ და ვერც სხვა საკითხზე იღებენ. თბილისის მერს ღონე და შნო უნდა ყოფნიდეს, რომ ხშირად ბევრისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც ქალაქისთვის სამომავლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანი იქნება.

ზოგი მშენებლობა სამართლებრივი დავის გამო გაჩერდა, ზოგი ბიზნესს არ აინტერესებს. მაგალითად, პროფკავშირების შენობის წინ, დელისის მეტროსთან ტერიტორია შემოღობეს, ამოთხარეს, მიაგდეს და ქვეწარმავლებისა და სიბინძურის ბუდე გახადეს. ასეთი საქციელის გამო უნდა დააწესო ჯარიმა და ვალდებულება, რომ სამუშაო გარკვეულ დროში შესრულდეს.

შეამცირებთ თუ არა თანამშრომლების რაოდენობას თბილისის მერიაში?

- პირველ ეტაპზე არ შევამცირებდი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, თანამშრომელი ნარმანიას მიყვანილია თუ უგულავასი, რადგან კადრი უნდა აკეთებდეს საქმეს. თანამშრომლებს მივცემ კონკრეტულ დავალებებს, თუ ვინმე თავს ვერ გაართმევს, ამის შემდეგ თბილისის მერიაში, მისი ადგილი აღარ იქნება.

ვინმე თუ იმისთვის მიდის, რომ ფეხი ფეხზე შემოიდოს და ყავის სმის მეტი არაფერი აკეთოს, ასე აღარ გაგრძელდება. ხანდახან მომდის ხოლმე ინფორმაცია, რომ ზოგზოგიერთები საქალაქო სამსახურში ან გამგეობაში 20-იანს შეიტანენ ხოლმე და მთელი საღამო ქეიფობენ, ასეთი რამ, რა თქმა უნდა, არ მოხდება.

და ერთი რამ შემიძლია ვთქვა, კორუმპირებულების და უსაქმურების ადგილი თბილისის მერიაში არ იქნება.

ყველა პროფესიონალი იქნება ჩემ გვერდით. რაც მთავარია, მე ეს ადამიანები სათითაოდ ვიცი, რადგან სამი წელია ყოველდღე ვხვდები.

ვინ არის თქვენი ყველაზე ძლიერი კონკურენტი არჩევნებში?

- ყველაზე ძლიერი, რა თქმა უნდა, ხელისუფლების კანდიდატი, კახი კალაძე იქნება. ის, ზოგადად, ბევრ ადამიანშია პოპულარული. კალაძეს ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს, მაგრამ ყველაზე რთული მეტოქე იმის გამო იქნება, რომ მის უკან უზარმაზარი ფული, სახელმწიფო და ადმინისტრაციული რესურსებია. ეს ბრძოლა ძალიან რთული იქნება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ დღეს არიან კანდიდატები, რომელთა შორისაც მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეთ.

myquiz