კახა კალაძე - ჩვენი ოცნების თბილისი იქნება ისეთი, როგორსაც ჩვენი ხელით შევქმნით | Allnews.Ge

კახა კალაძე - ჩვენი ოცნების თბილისი იქნება ისეთი, როგორსაც ჩვენი ხელით შევქმნით

ჩვენი მიზანია ქალაქი მოვარგოთ თითოეული თბილისელის ინტერესს, თბილისი ვაქციოთ თანამედროვე, ევროპული ტიპის ქალაქად, სადაც ხალხი იცხოვრებს უკეთეს გარემოში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, კანდიდატად მის ოფიციალურად წარდგენასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მათი ოცნების თბილისი იქნება ისეთი, როგორსაც "ჩვენი ხელით შევქმნით - თანამედროვე, ჯანსაღი და მომავალზე ორიენტირებული დედაქალაქი". "მოგმართავთ ამ ქალაქის ყველა მცხოვრებს - მოდით ერთად მოვიპოვოთ ეს გამარჯვება. განსაკუთრებით მოგიწოდებთ ახალგაზრდებს: მე თქვენი ძალა დავინახე 13 ივნისს სტიქიის შემდგომ დღეებში. მე თქვენს ძალას ვხედავ თბილისურ ყოველდღიურობაში, იქნება ეს სხვა და სხვა აქტივობები, თუ უბრალოდ გართობა და დასვენება. აქტიურად ჩაებით ჩვენი დედაქალაქის ცხოვრების, სტილის, იერსახის, დაგეგმარების პროცესში. ეს რთულია, თუმცა საინტერესოა, ზუსტად ახალგაზრდების ჟინის და აზარტის შესაფერისი საქმეა.

დღემდე ქალაქისთვის არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, რისთვისაც დავით ნარმანიას მადლობა მინდა გადავუხადო, მაგრამ საზოგადოება ვითარდება და ჩვენც ბევრად უფრო მეტი გვინდა. ჩვენ გვაქვს კარგი ბაზისი, კარგი სასტარტო პირობა, რათა გარდამტეხი ნაბიჯები გადავდგათ ჩვენი ქალაქის სწორი და გააზრებული განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია ქალაქი მოვარგოთ თითოეული თბილისელის ინტერესს, თბილისი ვაქციოთ თანამედროვე, ევროპული ტიპის ქალაქად, სადაც ხალხი იცხოვრებს უკეთეს გარემოში.

ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და ამ საზოგადოების ნაწილი ვარ მეც ჩემი ოჯახით, რომელიც დღეს ჩემთან ერთად იმყოფება. ვიმუშაოთ, ვითანამშრომლოთ ყველამ ერთად და შედეგიც გვექნება ერთობლივი. ჩვენი ოცნების თბილისი იქნება ისეთი, როგორსაც ჩვენი ხელით შევქმნით. თანამედროვე, ჯანსაღი და მომავალზე ორიენტირებული დედაქალაქი და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. თბილისი გახდება წარმატებული ქალაქი. ჩვენი გამარჯვება თბილისის გამარჯვებაა", - განაცხადა კახა კალაძემ.

myquiz