არჩილ თალაკვაძე - ინფორმაცია, თითქოს ამერიკას სირიისთვის საბრძოლო მასალა საქართველოდან მიეწოდება, ტყუილია | Allnews.Ge

არჩილ თალაკვაძე - ინფორმაცია, თითქოს ამერიკას სირიისთვის საბრძოლო მასალა საქართველოდან მიეწოდება, ტყუილია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს სირიისთვის საქართველოდან საბრძოლო მასალის მიწოდება ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ასე ეხმაურება თალაკვაძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. "ეს ცნობა არ შეესაბამება სიმართლეს და ჩვენი ქვეყნისადმი არაკეთილგანწყობილი პროპაგანდის ნაწილია. მსგავსი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს. ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის 25 წლიანი ისტორია ხელის გულზე დევს: აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ამერიკელ ხალხს და ამერიკის მთავრობას დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში, მათ შორის შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში, საქართველოს ნატო-ს თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოების საქმეში. სამწუხაროა, რომ არხი, რომელიც პროდასავლურად მიიჩნევს თავს, ასეთ უსაფუძვლო და საქართველო-ამერიკის ურთიერთობების საწინააღმდეგო პროპაგანდას უკეთებს ტირაჟირებას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, პოსტკრიპტუმმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც სირიისთვის საქართველოდან საბრძოლო მასალის მიწოდებაზეა საუბარი.

ტელეკომპანიის ცნობით, პენტაგონის ოფიციალური დოკუმენტი ადასტურებს, რომ ამერიკულმა მხარემ სირიაში გამოსაყენებლად შეიარაღებისთვის საქართველოს მიმართა და ამისათვის არმიის დეპარტამენტმა შუამავალ კომპანიასთან კონტრაქტიც გააფორმა.

როგორც "პოსტკრიპტუმი" იუწყება, დოკუმენტის მიხედვით, არმიის დეპარტამენტსა და კერძო კომპანიას შორის შესყიდვის კონტრაქტს ხელი 2016 წლის 22 სექტემბერს მოეწერა. შესყიდვა 2017 წლის 23 მარტს უნდა დასრულებულიყო.

myquiz