როგორ აფასებენ თანაგუნდელები თბილისის მერის პოსტზე კახა კალაძის შესაძლო კანდიდატურას | Allnews.Ge

როგორ აფასებენ თანაგუნდელები თბილისის მერის პოსტზე კახა კალაძის შესაძლო კანდიდატურას

გავრცელებული ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი გახდება. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მერობის კანდიდატის წარდგენა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემდეგ მოხდება.

ჩვენი გუნდისთვის კახა კალაძე თბილისის მერობისთვის ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ დარჩა რიგი პროცედურები გასავლელი, რის შემდეგადაც მმართველი პარტია თავის კანდიდატს წარადგენს.

რაც შეეხება თბილისის ამჟამინდელ მერს დავით ნარმანიას, იგი ადასტურებს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს. 

კახა კალაძე არის ჩემი მეგობარი და თუ მერის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა დადგება, მას ექნება ჩემი სრული მხარდაჭერა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით ნარმანიამ განუცხადა.

კოლეგებისგან განსხვავებით, კანდიდატის დასახელებისგან თავს არ იკავებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე.

კახა კალაძე მმართველი გუნდიდან თბილისის მერობის უალტერნატივო კანდიდატია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში ჩატარდება.

 

 

myquiz