ფედერიკა მოგერინი საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქეების გატაცების შესახებ განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

ფედერიკა მოგერინი საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქეების გატაცების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეების გატაცება და უკანონოდ დაკავება, როგორც ეს იყო გაცხადებული, სწრაფ, სიღრმისეულ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ საქმეს, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესმდივნის განცხადებაში.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

"საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეების, მათ შორის, ადამიანის უფლებების დამცველების გატაცება და თვითნებურად, უკანონოდ დაკავება - როგორც ეს იყო გაცხადებული და რასაც მოჰყვა მათი აზერბაიჯანში დაპატიმრება და სისხლის სამართლებრივი დევნა, სწრაფ, სიღრმისეულ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს. მივესალმებით ამგვარი გამოძიების დაწყებას საქართველოში, რის შესახებაც ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა. აზერბაიჯანმა სასწრაფოდ უნდა გადახედოს ყველა იმ დაპატიმრებული პირის საქმეს, სადაც პატიმრობა ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების განხორციელებას უკავშირდება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა ეს ადამიანი აზერბაიჯანის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. მოველით, რომ დაცული იქნება კანონის მოთხოვნები და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, ასევე, უზრუნველყოფილი იქნება უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც ქვეყანაში კანონიერად ცხოვრობენ. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ნათლად აცხადებს, რომ "არავინ შეიძლება დაექვემდებაროს თვითნებურ დაკავებას, დაპატიმრებას ან გაძევებას". ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ საქმეს", - ნათქვამია ფედერიკა მოგერინის პრესმდივნის განცხადებაში.

myquiz