ალეკო ელისაშვილი შესაძლოა "რესპუბლიკელებმა" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელონ | Allnews.Ge

ალეკო ელისაშვილი შესაძლოა "რესპუბლიკელებმა" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელონ

ჩვენ კარი გავაღეთ ყველა უპარტიო და აქტიური ადამიანისთვის, ვისაც უნდა არჩევნებში მონაწილეობა, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" აღმასრულებელმა მდივანმა თამარ კორძაიამ განაცხადა. მისივე თქმით, ვინც თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს,"რესპუბლიკურ პარტიას" და "თავისუფალ დემოკრატებს" აქვთ ორი პირობა, ეს არის ევროპული ღირებულებები და დეცენტრალიზაციის მომხრეობა.

"ღია ვართ ყველა აქტიური ადამიანისთვის, ვისაც უნდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ უჭირს საარჩევნო ბარიერების გადალახვა და ასევე არ სურს, რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობა. ჩვენ ვაძლევთ ასეთ ადამიანებს სრულ თავისუფლებას. მხოლოდ ორი პირობა გვაქვს: უნდა იყვნენ ევროპული ღირებულებების მატარებელნი და ასევე უნდა იყვნენ დეცენტრალიზაციის მომხრეები, ანუ ვისაც სურთ ძლიერი თვითმმართველობა საქართველოში", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

რაც შეეხება "რესპუბლიკური პარტიისა" და "თავისუფალი დემოკრატების" თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატს, თამარ კორძაია ადასტურებს, რომ მათ მოლაპარაკებები აქვთ საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილთან, თუმცა როგორ დასრულდება კონსულტაციები ჯერჯერობით არ იციან.

"ალეკო ელისაშვილი ჩვენთვის ძალიან საინტერესო კანდიდატია. ის, რომ ელისაშვილი არ აპირებს რომელიმე პარტიის წევრობას, სრულად გასაგებია ჩვენთვის და ვფიქრობთ, ამ ფორმატში შესაძლებელია მასთან თანამშრომლობა. ჩვენთვის თვითმმართველობა არის საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის და ალეკო ელისაშვილი არის ისეთი ფიგურა, რომელიც ფიქრობს, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი თბილისი, უკეთესი იქნება ქვეყნისთვის", - განაცხადა თამარ კორძაიამ.