როგორ ირჩევენ პრეზიდენტს? | Allnews.Ge

როგორ ირჩევენ პრეზიდენტს?

პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ განხილვა აქტიურად მიმდინარეობს, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველო პრეზიდენტის არჩევის ირიბ წესზე უნდა გადავიდეს, რაც სახელმწიფოს მეთაურის საკანონმდებლო ორგანოს მიერ დანიშვნას გულისხმობს.

ამჟამად, საქართველოში პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესი მოქმედებს, რაც მთავარი მხედართმთავრის პირდაპირი არჩევნების გზით არჩევას გულისხმობს, გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2013 წელს სწორედ ამ პრინციპით გახდა.

პრეზიდენტის არჩევის რამდენი წესი არსებობს და რას გულისხმობს ისინი?

ამის გასარკვევად Allnews.ge პოლიტოლოგ გიორგი გობრონიძესა და კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს დაუკავშირდა. სპეციალისტების თქმით, პრეზიდენტის არჩევის ორი ძირითადი წესი არსებობს: პირდაპირი და ირიბი.

არჩევის პირდაპირი წესი პრეზიდენტის ხალხის მიერ პირდაპირ არჩევას გულისხმობს, თუმცა მას რამდენიმე სახე აქვს:

1. კანდიდატების დასახელების შემდეგ ხალხი პრეზიდენტს არჩევნების გზით ირჩევს. გიორგი გობრონიძის თქმით, ასეთი სისტემა ძირითადად, შერეული ტიპის სახელმწიფოებშია,-"როდესაც ძალაუფლება პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის გადანაწილებულია".

2. ხალხი პრეზიდენტის ამრჩევებს ირჩევს და შემდეგ სახელმწიფოს მეთაურს ისე ირჩევენ,-"თუმცა, ეს არჩევნები უშუალო არ არის, რადგან ხალხი პრეზიდენტს უშუალოდ არ ირჩევს,"-განმარტავს ვახუშტი მენაბდე და დასძენს, რომ პრეზიდენტის არჩევის ასეთი სისტემა აშშ-ში მოქმედებს.

პრეზიდენტის არჩევის ირიბი წესის დროს, ამრჩევები არამხოლოდ პრეზიდენტის არჩევისთვის დანიშნულები, არამედ სხვა ფუნქციის მატარებელი პირებიც არიან (ამის მაგალითია პარლამენტი). მისი სახეებია:

1. პრეზიდენტს ხმათა უმრავლესობით პარლამენტი ნიშნავს;

2. პრეზიდენტს არამხოლოდ პარლამენტი, არამედ რეგიონების წარმომადგენლები ასამბლეის სახით და პარლამენტი ხმათა უმრავლესობით ერთად ირჩევს.

"რეგიონების წარმომადგენლები ოლქის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით პროპორციულად ირჩევიან და შემდეგ ეს დელეგატები პარლამენტარებთან ერთად ირჩევენ ქვეყნის პირველ პირს. მაგალითად, იტალიაში პარლამენტარებს იმდენივე დელეგატი ემატებათ, რამდენიც მოსახლეობის პროპორციულად რეგიონების მიხედვით აირჩევა. აღსანიშნავია, რომ დელეგატთა რაოდენობაში ძალთა ბალანსი დაცული უნდა იყოს. ძალთა ბალანსიც კონკრეტული რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოშია. მაგალითად, თუ ხელისუფლებაში A პარტიას 50%, B პარტიას 20% და C პარტიას 30% აქვს და 10 დელეგატია ასარჩევი, A პარტიას 5 დელეგატი ეყოლება, B პარტიას 2 და C პარტიას 3, ასე რომ ვინც უმრავლესობაშია 10-ივე დელეგატით უნდა იყოს წარმოდგენილი,"-განმარტავს ვახუშტი მენაბდე.

რაც შეეხება დელეგატების არჩევის წესს, რეგიონული პარლამენტის სისტემის შემთხვევაში, დელეგატებს თავად პარლამენტის წევრები ირჩევენ, ხოლო თუ ამ ტიპის მოწყობის ქვეყანა არ არის, ამ შემთხვევაში, დელეგატებს საკრებულოები ერთობლივად ირჩევენ.

3. თუ პრეზიდენტის არჩევა პარლამენტს ევალება, მაგრამ აღნიშნულმა ორგანომ არ აირჩია, ვალდებულება რეგიონების წარმომადგენლებზე გადადის.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში პრეზიდენტის არჩევის როგორც პირდაპირი, ისე ირიბი წესი დამკვიდრებულია. აშშ-ში კი მას როგორც მოსახლეობა, ასევე დელეგატები ირჩევენ. რის გამოც ბოლო არჩევნების შემთხვევაში ირიბი წესის შედეგების შემდეგ დელეგატებისა და მოსახლეობის განსხვავებული სურვილი დაფიქსირდა, რადგან ხალხის ხმათა უმრავლესობით არა დონალდ ტრამპმა, არამედ ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა, თუმცა დონალდ ტრამპი კოლეგიის მიერ ხმათა უმრავლესობით აშშ-ის პრეზიდენტი გახდა.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz